მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წალენჯიხაში კემბრიჯის საერთაშორისო სკოლის პროექტის საინვესტიციო ღირებულება $10-12 მილიონია"- კოკა თოფურია

6486091227d0b
BM.GE
11.06.23 21:33
3291
წალენჯიხაში "საქართველოს უნივერსიტეტის" კემბრიჯის საერთაშორისო სკოლა აშენდება. პროექტის შესახებ დღეს გადაცემა "Forbes-ის კვირის" ეთერში "საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორმა კოკა თოფურიამ ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 10-12 მილიონი დოლარია და "საქართველოს უნივერსიტეტი" მას წალენჯიხის განვითარების ფონდთან ერთად განახორციელებს, ამასთან ისინი სხვა ინვესტორებისთვისაც ღია არიან. 

"პროექტი 10-12 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. საქართველოს უნივერსიტეტი განახორციელებს ინვესტიციას და ასევე წალენჯიხის განვითარების ფონდი. პროექტი ღიაა ინვესტორებისთვის, ამჟამად მიმდინარეობს მისი დამუშავება. დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება მოსამზადებელ სამუშაოებს, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაო პროცესი და თანამშრომელთა დაკომპლექტებისთვის მზადება,"- განაცხადა კოკა თოფურიამ. 

თავად "წალენჯიხის განვითარების ფონდის" მთავარი დონორი "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეა. 

წალენჯიხაში კემბრიჯის საერთაშორისო სკოლის კამპუსი 500 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და მათგან 250-ს კამპუსში ცხოვრებაც შეეძლება. გარდა ამისა, სკოლა-ინტერნატს ექნება საცხოვრებელი, სადაც მშობლები და პროფესორ-მასწავლებლები შეძლებენ დარჩენას.

„კამპუსი წალენჯიხიდან 10 წუთის სავალზე აშენდება. ტერიტორიაზე განთავსდება სპორტული მოედნები, საცურაო აუზები, კულტურული ცენტრი სააქტო და სხვა დარბაზებით“, - აცხადებენ პროექტის ავტორები.

როგორც პრეზენტაციაზე საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა საქართველოში, სადაც ისწავლიან არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ - უცხოეთიდანაც. კოკა თოფურიას თქმითვე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში სწავლა და დარჩენა შეეძლებათ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან მსურველ მოსწავლეებს, რომლებიც კამპუსშივე შეძლებენ დარჩენას.

„ეს უნდა გახდეს რეგიონული მიზიდულობის ცენტრი და ის შეასრულებს დიდ სახელმწიფოებრივ როლს“, - დასძინა კოკა თოფურიამ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კამპუსი, დაახლოებით, 2-3 წელიწადში აშენდება და, სავარაუდოდ, სამი წლის თავზე, სასწავლო პროცესიც დაიწყება. კერძო სკოლაში სწავლა მოსწავლეებს მე-6 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით შეეძლებათ.

რაც შეეხება სწავლის საფასურს, სკოლა ფასიანი იქნება როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოსწავლეებისთვის, თუმცა კოკა თოფურიამ განმარტა, ქართველი მოსწავლეებისთვის სწავლა გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე - უცხოელებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები