საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ინიციატივით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ და სწავლის გაგრძელებას შეძლებენ. მთავრობის გადაწყვეტილების შეფასებისას bmg-სთან საუბარში „საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორი კოკა თოფურია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არანაირი ტიპის დამატებითი დეტალები განათლების სამინისტროსგან არ მიუღია, შესაბამისად, უცნობია ვის და რა პირობებით, რა ვადაში დააფინანსებენ.
„უნივერსიტეტებს ექნებათ დამატებითი შემოსავალი და კონკრეტულ სტუდენტებს სწავლის გაგრძელების საშუალება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სტუდენტები, სავარაუდოდ, შემდეგ წლებშიც ვერ მოახერხებენ საფასურის გადახდას და მერეც აპირებს სახელმწიფო იგივეს გაკეთებას?“- ამბობს კოკა თოფურია.
2023-2024 სასწავლო წლისთვის „საქართველოს უნივერსიტეტის“ ბაზაში 800-მდე სტატუს შეჩერებული სტუდენტი ირიცხება.
„ჯერ არ გვქონია კონსულტაციები სამინისტროს წარმომადგენლებთან, ამიტომ არ ვიცით რა შეთავაზებაა, თუ სახელმწიფოსგან იქნება გარკვეული გეგმა, სავარაუდოდ, ყველა უნივერსიტეტი და ჩვენი მით უმეტეს, მზად იქნება თანამშრომლობისთვის.
ზოგადად ვთვლი, რომ სახელმწიფო ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მთავრობას არ სჭირდებოდეს პერიოდულად და განსაკუთრებით არჩევნების მოახლოების ერთად ასეთი აქციების ჩატარება. ისევე როგორც სესხების განულებას, არც ასეთ რამეს არ მივესალმები, არ მიმაჩნია, რომ ეს სახელმწიფოს როლია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნივერსიტეტებს ექნებათ დამატებითი შემოსავალი და კონკრეტულ სტუდენტებს ექნებათ სწავლის გაგრძელების საშუალება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სტუდენტები, ვისაც შეჩერებული ჰქონდათ სტატუსი, გადასახადის გადახდას სავარაუდოდ, შემდეგ წლებშიც ვერ მოახერხებენ. მერეც აპირებს სახელმწიფო იგივეს გაკეთებას? მე ვვარაუდობ, რომ ეს იქნება ერთჯერადი ეფექტის მქონე აქცია, რაც როგორც ყველა, ვხვდებით, რომ ალბათ არის წინასაარჩევნოდ გარკვეული ეფექტის მოხდენის მიზნით ჩატარებული", - განაცხადა კოკა თოფურიამ.
მისი თქმით, გადაწყვეტილება მინიმუმ ალბათ ნაჩქარევია, რადგან უნივერსიტეტებმა ისიც არ იციან, სახელმწიფო დაფარავს თუ არა ყველა სტატუსშეჩერებული სტუდენტის დავალიანებას მათ უნივერსიტეტში.
"ჩვენთან არსებული 800 სტატუსშეჩერებული სტუდენტიდან სახელმწიფო ყველას დავალიანებას დაფარავს? იქნებ ამ 800-დან 400-სს აღარ უნდა სწავლა? თუ მხოლოდ მათ გადაუხდის, ვინც თავად მიმართავს უნივერსიტეტს სტატუსის აღდგენის მიზნით? როდის დაიწყება ეს პროცესი? ჩვენმა უნივერსიტეტმა სწავლა უკვე დაიწყო. ვვარაუდობ, რომ ამ ყველაფერს რამდენიმე კვირა დასჭირდება, მაშინ მაშინ ცალკე გრაფიკი უნდა შემუშავდეს მათთვის? ეს ყველაფერი მრავალ ტექნიკურ პრობლემასთან არის დაკავშირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ სახელმწიფო მოახდენს დავალიანების დაფარვას, ყველა სტუდენტს მივცემთ სწავლის განახლების შესაძლებლობას“, - განაცხადა თოფურიამ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია 18 სექტემბერს დაიწყო.
სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია დღეს დაიწყება - ამილახვარი
მთავრობა სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს 40 მილიონის დავალიანებას უნულებს - პრემიერის გადაწყვეტილება