მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია დღეს დაიწყება - ამილახვარი

განათლების სამინისტრო

განათლების და ფინანსთა მინისტრები სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების გადაწყვეტილებაზე უნივერსიტეტებთან კომუნიკაციას დღეს იწყებენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „კურიერი P.S.”-ში სტუმრობისას განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელმა, პრემიერის მიერ პარასკევს გაცემულ დავალებას ისტორიული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება უწოდა. ამილახვარმა განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილების ფარგლებში უმაღლეს სასწავლებლებთან კომუნიკაციის დროს ყველა საკითხი მოგვარდება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, იქნება ეს იურიდიული, საგადასახადო თუ კვოტების საკითხები.

„ეს ისტორიული და უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. არ მახსენდება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ასეთი დიდი სოციალური პასუხისმგებლობის და მზრუნველობის ნაბიჯი სახელმწიფოს გადაედგა.

ხვალ [18 სექტემბერს] პრემიერის დავალებით მე და ფინანსთა მინისტრი ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას და მუშაობას ყველა უნივერსიტეტთან როგორც კერძო ისე საჯარო უნივერსიტეტებთან, რომ შევქმნათ სამართლებრივი საფუძვლები და საგადასახადო საკითხები, რომელიც შეიძლება ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე წარმოიშვას. ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მუსირებს უნივერსიტეტებისთვის კვოტების პრობლემის საკითხი. აქ პირდაპირ შემიძლია ვუთხრა უნივერსიტეტებს და სტუდენტებს, რომ ყველა სამართლებრივი საფუძველი სწრაფად მოგვარდება, მათ შორის მოგვარდება საგადასახადო კუთხით დაბეგვრის საკითხი და კვოტირების საკითხები“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს სურს სტუდენტებს სტატუსი რაც შეიძლება სწრაფად აღუდგეთ.

„უნივერსიტეტების ნაწილში სწავლა უკვე იწყება და ნაწილი მოგვიანებით, სწორედ ამიტომ გვინდოდა, მიმდინარე სემესტრში ვისაც სურვილი ექნება მივცეთ შესაძლებლობა, აღიდგინოს სტატუსი და გახდეს სრულფასოვანი სტუდენტი. ეს ნაბიჯი გარდა სოციალური საკითხისა, რამხელა ინვესტიციაა მომავალში, რადგან ჩვენი მთავარი საზრუნავი ახალგაზრდებს და სტუდენტებს სწავლის შესაძლებლობა მივცეთ. ბუნებრივია ეს არის ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში, ანუ მომავალში“, - განაცხადა ამილახვარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები