უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო პროგრამების ნაწილი 3-წლიანი გახდება. აღნიშნული BMG-ის რამდენიმე უნივერსიტეტის რექტორმა დაუდასტურა. საქმე ის არის, რომ სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების შემუშავება, 23 იანვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვრის ხელმძღვანელობით გამართულ რექტორთა საბჭოს სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო. თემის შესახებ მეტ დეტალს სამინისტროში არ აკონკრეტებენ, მაგრამ გვითხრეს, რომ "საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს".
უნივერსიტეტების წარმომადგენლები კი გვიყვებიან, რომ მომდევნო აკადემიური წლიდან, სტუდენტებს 3-წლიან სასწავლო პროგრამას ბიზნესის ადმინისტრირებაზე შესთავაზებენ. ასევე, ვადის შემცირება დაგეგმილია IT და ტურიზმის მიმართულებებზეც.
ბაკალავრიატის გარდა, ვადის ცვლილებები დაგეგმილია სამაგისტრო პროგრამებზეც. განიხილება, რომ 2 წლის ნაცვლად, მაგისტრატურის ხანგრძლივობა 1,5-იდან 1 წლამდე შემცირდეს.
კერძო უნივერსიტეტების რექტორები სამინისტროს გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებენ და ამბობენ, რომ 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამები ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობს, ამიტომ საქართველოშიც მსგავსი პროგრამის შეთავაზება ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობას გაზრდის.
"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ რექტორი გიორგი ბარკალაია აცხადებს, რომ მზადება მათ შემთხვევაშიც ბიზნესის მიმართულებით მიმდინარეობს.
„ყველა უნივერსიტეტი ემზადება 3-წლიან პროგრამაზე გადასასვლელად; ეს არის საკმაოდ კარგი გადადგმული ნაბიჯი სამინისტროს მხრიდან და მგონია ამით, ქართული უნივერსიტეტები გახდება კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე. საკმაოდ საინტერესო გამოწვევაა ქვეყნისთვისაც, რადგანაც ევროპის ქვეყნებში 3-წლიანი პროგრამები უკვე დიდი ხანია არსებობს და ჩვენ ვიქნებით კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ბაზარზე ანუ საერთაშორისო სტუდენტებსაც უფრო მარტივად მოვემსახურებით. ჩვენი ვარაუდით, სიახლე სექტემბრამდე შევა ძალაში და მზად ვიქნებით, რომ სტუდენტებს 3-წლიანი პროგრამები შევთავაზოთ. პრიორიტეტულია ამის დანერგვა ბიზნესს მიმართულებაში და ჩვენც ამაზე ვმუშაობთ, რომ კონკრეტულად ამ პროგრამაზე 3-წლიანი სწავლება შევთავაზოთ მათ.
მთავარი ამოცანა 3-წლიან პროგრამაზე გადასვლის ის არის, რომ დროშიც კეთდება ეკონომია და ასევე სწავლის და საცხოვრისის გადასახადში. შესაბამისად, ეს მომგებიანია, როგორც სტუდენტისთვის, ისე უნივერსიტეტისთვის და ყველასთვის", - განაცხადა გიორგი ბარკალაიამ.
საბაკალავრო პროგრამების ნაწილის ოთხიდან 3 წლამდე შემცირების ინიციატივას იწონებენ "საქართველოს უნივერსიტეტშიც". რექტორი კოკა თოფურია აღნიშნავს, რომ ახალი მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყება სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტილებებით გამოირჩევა, რაც მათ მეტი უცხოელი სტუდენტის მოზიდვის საშუალებას აძლევს.
"სწავლის მიღება მუდმივი პროცესია; მუშაობის დროსაც მუდმივად სწავლობ, თუმცა ის პირველი საფეხური, რომლითაც პროფესიის პირველადი უნარები გექნება, ამის დაუფლება შესაძლებელია 3 წლის განმავლობაში. ცხადია, ამისთვის უნდა შეიცვალოს სასწავლო პროგრამები და მიდგომები თანამედროვე უნდა გახდეს. ის უნივერსიტეტები, რომლებიც არ არიან მზად, ალბათ, საბოლოოდ, ვეღარ უპასუხებენ დროის მოთხოვნებს. უფრო მეტიც, რექტორის საბჭოზე იყო მსჯელობა იმაზე, რომ თუ ტექნიკურად მოხერხდა და უნივერსიტეტებმა მოასწრეს პროგრამების აკრედიტაცია, უკვე სექტემბრიდან, ანუ მომდევნო აკადემიური წლიდან შესაძლებელი იქნება სტუდენტებისთვის 3-წლიანი პროგრამების შეთავაზება. ეს არ არის მოთხოვნა, ეს არის შესაძლებლობა მათთვის, ვინც მზად არის და მორგებულია თანამედროვე მოთხოვნებზე. ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ბიზნესს ადმინისტრირებაზე ვართ ევროპის მიერ აკრედიტებული; ასევე გავდივართ ახლა ამერიკულ აკრედიტაციასაც. ასე რომ, მზადყოფნა გვაქვს", - აცხადებს "საქმიან დილასთან" კოკა თოფურია.
„ბიზნესს მიმართულებებზე 3-წლიან საბაკალავრო პროგრამებზე გადასვლის გადაწყვეტილება მიღებულია“, - ინფორმაციას bmg-თან „კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი და „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ მფლობელი კახა შენგელიაც ადასტურებს.
„პირველები ვიყავით, ვინც დავიწყეთ 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამები რიგ მიმართულებებზე. დღეს უკვე გვაქვს ეს ვადა ბიზნესში, IT-სა და ტურიზმში. როგორც ჩანს, ეს მაგალითი დადებითი იმპულსი გახდა. გადაწყვეტილება მიღებულია განათლების სამინისტროს მიერ, რომ ეს მოხდეს პირველ რიგში ბიზნესმიმართულებებში და შემდეგ უკვე ამას, დიდი ალბათობით, ტურიზმი დაემატება.
ყველა პროგრამაზე ეს ვერ გავრცელდება, მაგრამ ბიზნესსკოლის გადასვლა კონკურენციას გაზრდის. გვექნება საშუალება, მოვიზიდოთ უცხოელი სტუდენტები ტურიზმის და სხვა მიმართულებებიდან, რადგან ბევრი ევროპის უნივერსიტეტი უკვე 3-წლიან განათლებაზეა გადასული.
ვადის შემცირება მაგისტრატურაზეც იგეგმება, თუმცა ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. კარგი იქნება 1 ან 1,5-წლიანი რომ გახდეს, ესეც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი უცხოელი ჩამოვიდეს საქართველოში“, - განაცხადა კახა შენგელიამ.