მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წამლის ღია წესით რეკლამირება არ შეიძლება" - ლადო კახაძე

61a87c5a01100
ელენე გოგბერაშვილი
02.12.21 12:01
731
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე წამლის ღია წესით რეკლამირების წინააღმდეგია. როგორც მან bm.ge-სთან განაცხადა, უცნობია, გაიზიარებს თუ არა მის ამ აზრს ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების მიზნით მომზადებულ დოკუმენტში, რომლის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე თვეში იგეგმება.

როგორც ლადო კახაძე განმარტავს, ფარმაცევტული სექტორის რეგულირების საკითხზე მუშაობა ჯანდაცვის კომიტეტმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო, რა დროსაც მან წამლის პირდაპირი რეკლამირების აკრძალვაზე პირადი პოზიცია დააფიქსირა, თუმცა ეს საკითხი რაიმე ფორმით მოხვდება თუ არა სექტორის მარეგულირებელ ახალ დოკუმენტში, კახაძეს ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს.

„ჩემი აზრით, წამლის ღია წესით რეკლამირება არ შეიძლება. ეს გაითვალისწინეს თუ არა, არ ვიცი. ფარმაციამ წამლის უპირატესობა, წამლის ნოვატორული თვისება ექიმთა საზოგადოებას უნდა დაუმტკიცოს და ექიმები უნდა გახდნენ ამ წამლის მიმწოდებლები და სწორი ინფორმირება ექიმებს სჭირდება“, - აცხადებს კახაძე.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარმაცევტულ სექტორში რეგულაციები ცოტა ხნის წინ დაანონსა. ამ პროცესს წინ უძღოდა კონკურენციის სააგენტოს მიერ ბაზრის სამწლიანი მონიტორინგის შუალედური შედეგების გამოქვეყნება. ამ ანგარიშით სააგენტო პირდაპირ არ სცემს პასუხს, რამდენად ხარბია ფარმაბიზნესი, თუმცა საუბრობს სამედიცინო ჰოლდინგების გამიჯვნის შესახებ.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ის ამბობს, რომფარმაცევტულ ბაზარზე სრული ქაოსია და უკონტროლო მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. პრემიერი მედიკამენტების გაიაფების ერთ-ერთ გზად სამედიცინო ჰოლდინგების დაშლას ხედავს.

"არსებობენ კომპანიები, რომელთაც აქვს საწარმო, აწარმოებენ მედიკამენტებს, ხარისხზე არ ვილაპარაკოთ ერთი მხრივ ამ ეტაპზე, ამას ლაბორატორიული დასკვნები სჭირდება და მე არ ვარ ამ საკითხებში კომპეტენტური. კომპანიას აქვს საწარმო, აქვს სააფთიაქო ქსელი, დისტრიბუცია, საავადმყოფოების ქსელი და აქვს სადაზღვეო კომპანია. მთელი წრე არის შეკრული. აქ საერთოდ რომელ კონკურენციაზე შეიძლება საუბარი და ძალიან ბევრი მანკიერი, უკვე პრაქტიკაში დამკვიდრებული სქემები და სისტემები არსებობს, რაც რეალურად, საბოლოო ჯამში, ეტყობა ჩვენს მოქალაქეებს და მათ ჯიბეებს" - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციითვე, ფარამეცევტული სექტორის რეგულირების კანონპროექტი პარლამენტს დეკემბერში წარედგინება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები