მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ სხვა ქვეყანაში, ონლაინ იქირაოთ აგრონომი" – ქართული აპლიკაცია ფერმერებისთვის

619105b65619a
თათია კაკიაშვილი
14.11.21 23:00
1585
ნოემბრის ბოლოს საქართველოში კიდევ ერთი ახალი აპლიკაციის სატესტო მოდელი გაეშვება. საუბარია აგრონომიულ მომსახურებაზე, რომელიც ფერმერებისთვის Airbnb-ის ტიპის აპლიკაცია იქნება. ის სხვადასხვა ქვეყნის ფერმერებს საშუალებას მისცემს, სხვა ქვეყანაში იპოვონ სპეციალისტი, აგრონომი და ონლაინ ფოტო-ვიდეო მასალის გაგზავნით, მიიღონ რეკომენდაციები, დასვან დიაგნოზი, შეაფასონ სიტუაციები და შესაბამისად, მართონ აგრონომიული პროცესები, რაც მთავარია, დისტანციურად - ონლაინ დიდი რესურსების დახარჯვის გარეშე.

„წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მოგყავთ ნებისმიერი კულტურა და გჭირდებათ აგრონომი. ბუნებრივია, არსებობს ქვეყნები, სადაც აგრონომიული ცოდნა არც ისე ეფექტიანია. ამ დროს არსებობს ისეთი ქვეყნებიც, სადაც აგრონომია და თანამედროვე მიღწევები ბოლომდეა ათვისებული, მაგალითად: ჰოლანდია, ესპანეთი, ამერიკა და ა.შ. ეს აპლიკაცია საშუალებას მისცემს, ორ სხვადასხვა ტიპის ქვეყნებში დაინტერესებულ მხარეებს ერთმანეთს დაუკავშირდნენ. ბაღის მეპატრონეს საშუალება ექნება, ასეთი სპეციალისტი სამსახურში აიყვანოს დისტანციურად და მასალების ონლაინ გაცვლის შედეგად, მიიღონ იგივე მომსახურება დაახლოებით 10-ჯერ უფრო ნაკლებად ფასად“, - განუცხადა „ბიემჯის“ აგრონომიული აპლიკაციის იდეის ავტორმა ირაკლი ჩიქავამ.

ჩიქავას ინფორმაციით, საწყის ეტაპზე აპლიკაციის ათამდე ქვეყანაში გატესტვა იგეგმება. ამ პერიოდში ფერმერებს საშუალება მიეცემათ, იპოვონ ფერმერები და აპლიკაციის გამოყენება დაიწყონ. აპლიკაცია ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი: უზბეკეთში, ყაზახეთში , საქართველოში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაზე. ფერმერები ჩართული იქნებიან, იპოვნიან და დაუკავშირებიან აგრონომებს ესპანეთიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან და ისრაელიდანაც.

„რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მსოფლიოში ამ აპლიკაციის მსგავსი ანალოგი არ არსებობს. სწორედ ამიტომ დაინტერესება სხვადასხვა ქვეყნიდან დღითიდღე მზარდია. საქართველოში ძალიან შეზღუდულია თანამედროვე აგრონომიულ ცოდნაზე წვდომა, ამიტომ სულ საჭიროა შესაბამისი ცოდნის იმპორტი და შემდეგ მოქმედი ბიზნესებისთვის მიწოდება. აქამდე, აგრონომები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოგვყავდა და ბაღებში დაგვყავდა. გარდა იმისა, რომ ეს პროცესი ძვირია და დიდ დროს მოითხოვდა, პანდემიის დროს ის საერთოდ შეჩერდა და ამიტომ მოგვიწია ალტერნატივაზე ფიქრი. როცა ვნახეთ, რომ რიგი აგრონომიური პრობლემების მოგვარება ონლაინ შესაძლებელი და ეფექტიანია, გადავწყვიტეთ, ჩვენი გამოცდილება ბიზნესად და აპლიკაციად გვექცია“, - განაცხადა ირაკლი ჩიქავამ.

აპლიკაციაზე „აგროსოლუშენ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „აგრონექტი“ მუშაობს. ამ ეტაპზე საწყისი ინვესტიციაც სწორედ „აგროსოლუშენ ჯგუფს“ ეკუთვნის, თუმცა, პარალელურად, ინვესტორებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები