სარემონტო და სამშენებლო მასალების აპლიკაცია BUILDY, რომელიც ბაზარზე 3 თვეა გამოჩნდა, მიმდინარე წელს ფუნქციონალების დამატებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE - სთან სტარტაპის აღმასრულებელმა დირექტორმა, თეო ზანგურაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, BUILDY სამშენებლო და სარემონტო მასალების პირველი აპლიკაციაა საქართველოში, რომელიც 25 კომპანიას, 300-მდე კატეგორიასა და 50 000-ზე მეტი პროდუქციას აერთიანებს. როგორც დიდი ზომის ჰიპერმარკეტებს, ასევე აპლიკაციაში ინტეგრირებულია ისეთი კომპანიებიც, რომლებიც სპეციფიკურ, კონკრეტულ პროდუქციას აწარმოებენ.
„აპლიკაცია 3 თვეა რაც ჩავუშვით, თუმცა ბოლო 2 თვეა გავაქტიურდით. აპლიკაციის ჩამოტვირთვა როგორც Android, ასევე IOS -ზე სისტემებზეა ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე, კომპანია 25 კომპანიას, 300-მდე კატეგორიასა და 50 000-ზე მეტი პროდუქციას აერთიანებს. თუმცა აპლიკაციაში ყოველდღიურად უფრო მეტი პროდუქტი ემატება. წლის განმავლობაში კი, ახალი კომპანიებისა და პროდუქტების დამატებას ვგეგმავთ, რაზედაც მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ.
საქართველოს ბაზარზე ყველა მსხვილი კომპანიას მოვიცავით. მათ შორის, ისეთ კომპანიები როგორიცაა - გორგია, დომინო, ნოვა და ა.შ. ამ ეტაპზე, უფრო სპეციფიკურ, კონკრეტულ საწარმოებზე ვართ ორიენტირებული, რათა ჩვენს მომხმარებლებს პროდუქცია უშუალოდ მწარმოებლისგან მივაწოდოთ, რომელზედაც შეიძლება მარტივად, ონლაინ სივრცეში ხელი არ მიუწვდებოდეთ. ამასთან, კომპანიებს, რომლებსაც ონლაინ გაყიდვების წყარო აქვთ, მათთვის შესაძლებლობაა ონლაინ სივრცეში წარმოვაჩინოთ.
რაც შეეხება შეკვეთის მიტანას, ეს შეკვეთის მოცულობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ძირითადად 1-დან 2 დღემდე გვაქვს მიწოდება. თუმცა გვქონია შემთხვევები, როდესაც კომპანიას სპეციალურად შეკვეთას ვაკეთებინებთ და პროდუქტის მისატანად რამდენიმე დღეა საჭირო. პროდუქციას ჩვენი მომწოდებლებისგან შესაბამის ფასად ვიღებთ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია გვაქვს, ამის შესაბამის საკომისიოს ვიღებთ", - აცხადებს სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი.
როგორც ზანგურაშვილი აღნიშნავს, მათ აპლიკაციაზე მოთხოვნის მზარდი ტენდენცია შეინიშნება. ამასთან, უკუკავშირიც დადებითია. კომპანიაში 10 ადამიანია ძირითადად დასაქმებული, თუმცა რაოდენობის ზრდა კვლავ იგეგმება.
რაც შეეხება გამოწვევებს, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ არაერთ კომპანიას პროდუქცია, რომელსაც ფიზიკურად ყიდიან გაციფრულებული არ აქვს, შესაბამისად, სტარტაპს მათი გაციფრულება და ერთიან სივრცეში მოქცევა მოუწიათ.