უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, აშკარა გადახვევაა ქართველი ხალხის მიერ არჩეული დასავლური კურსიდან, რაც სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად, შეაჩერებს ქვეყნის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებას, - ამის შესახებ Tasteit-ის დამფუძნებელმა, გიორგი ურუშაძემ „ქალების ნარატივში“ განაცხადა.
„ბოლო პერიოდში 20 000 აქტიური მომხმარებელი გვყავდა და მათი რიცხვი ყოვეთვიურად რამდენიმე ათასით იზრდებოდა. „რუსული კანონის“ მიღებისა და საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, მომხმარებელთა მატება მინიმუმ 50%-ით შემცირდა და ეს გასაკვირი არცაა. აღარავის სურს სადილსა თუ ვახშამზე მეგობრებთან ერთად გასვლა, ახლა მთავარი ამოცანა მათთვის აქციაზე დგომაა.ეს შედეგები ფინანსების კუთხით ესე მძაფრად ჯერჯერობით არ გვეტყობა, თუმცა ასე თუ დიდხანს გაგრძელდა სტარტაპებისთვის დიდი დარტყმა იქნება.
შევამჩნიეთ, რომ ივესტორებისთვის Tasteit-ის მიერ მიღწეული შედეგები საქართველოში ხიბლს კარგავს და ჩვენი შრომა წყალში იყრება. ცხადია მათ ნაწილს ესმის, ვინც თვალს ადევნებს პოლიტიკურ მოვლენებს, არსებული მდგომარეობა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ინვესტორები თავიანთ ჯიბეს საფრთხეს არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნიან.,“ - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.
შეგახსენებთ, tasteit გაცნობის აპლიკაციაა, რომელიც ცვლის აქამდე ამ კუთხით არსებულ პრინციპს და ადამიანებს შორის მთავარ დამაკავშირებელ ელემენტად საჭმელი შემოაქვს. ის აკავშირებს საჭმლის მეგობრებს — connecting foodmates. გაცნობის სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით, tasteit-ის მომხმარებლები ერთმანეთს კულინარიული გემოვნების მიხედვით პოულობენ.
„აპლიკაცია tinder-ის მსგავსი პრინციპით მუშაობს. თუმცა, აქ ადამიანების ნაცვლად მომხმარებლები იწონებენ ან არ იწონებენ კერძებს ან სასმელებს, რომლებიც რეალურ რესტორნებში, კაფეებსა და ბარებშია გადაღებული. კომუნიკაციის დაწყება მომხმარებლის პროფილზე გადასვლით და მესენჯერის გამოყენებით ხდება. ამასთან, აპლიკაციას აქვს ფუნქცია, განსაზღვროს, თუ ვინ იხდის თანხას — I pay (მე ვიხდი), You pay (შენ იხდი), We split (ვიყოფთ).“ - აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.
tasteit-ის მომხმარებელთა აუდიტორია შეზღუდული არ არის, თუმცა, მთავარი აქცენტი მილენიალებზე და Gen Z-ზე კეთდება. ამასთან, მთავარ ფოკუსში გურმანები არიან, იმიტომ რომ, აპლიკაცია, პირველ რიგში კვების პლატფორმაა.
შეგახსენებთ, Tasteit 2023 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებლებს ერთმანეთთან საერთო კულინარიული ინტერესების მიხედვით აკავშირებს. Tasteit აპლიკაცია ხელმისაწვდომია IOS და Android სისტემებზე, რომელსაც ამ ეტაპისთვის 20 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.