ბორჯომში მეორე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძრის ლიკვიდაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ცდილობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი და თავდაცვის ძალები.
ბორჯომში არსებულ ხანძარზე დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ხანძრის კერების ჩაქრობა 1-2 დღის ფარგლებში უნდა მოხდეს, თუმცა ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული, რადგან ქარი სალიკვიდაციო სამუშაოებს აფერხებს.
მისივე თქმით, ხანძარი 150 ჰექტრამდეა გავრცელებული, თუმცა ამ დროისთვის რისკი იმისა, რომ ცეცხლი დასახლებულ ტერიტორიაზე გადავიდეს არ არსებობს.
„დღეს სამი მინისტრი - შინაგან საქმეთა, თავდაცვის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები სამუშაოებს ადგილზე მოინახულებენ და მეტი კომუნიკაცია გვექნება. დღეს ხდება ხანძრის ლოკალიზება და თუ ქარმა არ მოიმატა 1-2 დღის ფარგლებში უნდა მოხდეს კერების ჩაქრობა. მიშვნელოვანია ლოკალიზება, რომ დამატებით ტერიტორიაზე არ მოხდეს გავრცელება.
ამ დროისთვის ცეცხლის მოსახლებაზე გადასვლის რისკი არ არსებობს, 150 ჰექტრამდეა ხანძარი გავრცელებული, მაგრამ ეს არის მთლიანად მერქნიანი ნარგაობებით მოცული ტრიტორია. აქ არის ტყის წინა ნაწილი, ბალახი და ბუჩქნარი ტერიტორიები, შესაბამისად, ადრეა ზიანზე და ზარალზე საუბარი. მთავრობამ და პრემიერმა ჯარის პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო, თავდაცვის ძალების გამოყენება მნიშვნელოვანია. ცხელი ამინდების გამო საქართველოში სხვა კერებიც გვაქვს, ეს ევროპის ბევრ ქვეყანაში დიდი გამოწვევაა, მაგალითად, პორტუგალიის დაცული ტერიტორიების 10% მიმდინარე წელს ხანძარმა შეიწირა. ამ ფონზე გვჭირდება მეტი სიფრთხილე,“ - განმარტა დავითაშვილმა.




























