მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელოვნური გათოვლიანებისთვის ტბა, რომელიც გუდაურს 2018 წელს უნდა ჰქონოდა, წყლით ორ თვეში აივსება"

5f1ade67e3617
ინგა მურუსიძე
24.07.20 18:00
1636
ხელოვნური გათოვლიანებისთვის განკუთვნილი ტბა, რომელიც გუდაურს ჯერ კიდევ 2018 წელს უნდა ჰქონოდა, წყლით ორ თვეში აივსება, - შესაბამის ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

პრობლემები გუდაურში ხელოვნურ გათოვლიანებასთან და წყალმომარაგებასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო, როცა სასტუმროების და მოსახლეობის, ასევე, დამსვენებლების ნაწილი სასმელი წყლის გარეშე დარჩა. მაშინ სასტუმროების მეპატრონეების და ნაწილი ამბობდა, რომ ყველა პრობლემა იმ ხელოვნურ ტბასთან იყო დაკავშირებული, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლომდე უნდა მოწყობილიყო, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. იანვარში გუდაურსა და ბაკურიანს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი სტუმრობდა, რომლებიც ხელოვნური ტბისა და სასმელი წყლის პრობლემას ერთმანეთს არ უკავშირებდნენ.

რაც შეეხება თავად ტბას, საქმე იმაშია, რომ გუდაურში ხელოვნური ტბა ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლომდე უნდა მოწყობილიყო. ამაზე bm.ge შესაბამის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს წერდა. უკვე 2020 წელია, მაგრამ კურორტს ხელოვნური ტბა, რომელმაც გათოვლიანების სისტემა წყლით უნდა უზრუნველყოს, ჯერ კიდევ არ აქვს.

გუდაურში ხელოვნური ტბის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოების პირველი ეტაპი 2018 წელს დასრულდა. პროექტირება-მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 11 388 298 ლარი გამოყო. ხელოვნური რეზერვუარის მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანია "ფერიმ" განახორციელა. პროექტის ფარგლებში გუდაურში ხელოვნური 100 000 მ3 მოცულობის ხელოვნური ტბა უნდა მოწყობილიყო, თუმცა როგორც გაერთიანებული წყალომომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ამბობდა, 96 000 მ3 მოცულობის ტბა მოეწყო.

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, მაშინ, როცა გუდაური წყლისა და ხელოვნური თოვლის გარეშე დარჩა, ტბა ცარიელი იყო. მაშინ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობდა, რომ სამუშაოები რამდენიმე თვით ჩაშლილი ტენდერის გამო შეფერხდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მტკიცებით, გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის რეზერვუარის წყლით შევსება დაიწყო და პროცესი ორ თვეში დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს გუდაურს ხელოვნური გათოვლიანების პრობლემა არ ექნება.

„მიმდინარეობს გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის ტბის მოწყობის პროექტი, თუმცა ეს მხოლოდ ტბას არ მოიცავს. ჯამში მოიცავს ორ ეტაპს - ერთი ეტაპი 2019 წელს დაიწყო, რომლის ღირებულებაც შეადგენდა დაახლოებით 11 მილიონ ლარს. ეს იყო ტბის ინფრასტრუქტურის შექმნა შესაბამისი ტექნოლოგიის მიხედვით, რომელიც გამოიყენება ზამთრის კურორტებზე. ხელოვნური რეზერვუარის მოცულობა არის 96 000 ტონა. ამჯერად, მიმდინარეობს 2 600 000 მილიონი ლარის ღირებულების მეორე ეტაპი, რომელიც სეზონამდე დასრულდება. სამუშაოები ითვალისწინებს შესაბამისი სატუმბი სადგურის და ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც შემდგომში კომპლექსურად ამუშავდება. ვიმედოვნებთ, რომ პროექტი დასრულდება დათქმულ ვადებში და ვუზრუნველვყოფთ გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას. შესაბამისად, ტურისტებსა და დამსვენებლებს ნალექის სიმცირით გამოწვეული დისკომფორტი აღარ ექნებათ“, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, წყალმომარაგების კომპანიამ პარალელურად გამოაცხადა ორი ტენდერი, რომელიც ითვალისწინებს გუდაურში, როგორც მიმდინარე მშენებლობებს, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერში გაიხსნება, ასევე საბაზისოებს რაც იყო, ჰქონდეთ სტაბილური წყალმომარაგება.

„აღნიშნული პროექტების განხორციელება მოგვცემს იმ შედეგებს, რომ გავზარდოთ წყლის დებიტიც და განვაახლოთ ინფრასტრუქტურა. ჯამში პროექტების ღირებულება 16 მილიონ ლარზე მეტია. საბოლოოდ წყალმომარაგების კუთხით არსებული პრობლემებს, რაც გასულ წელს წარმოიშვა, აღარ გადავაწყდებით გუდაურში და შესაბამისად ხელოვნური გათოვლიანებაც გვექნება“, - აცხადებს ილია ბეგიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები