მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხუდონის" და "ნამახვანის" პროექტებზე მემორანდუმების შეწყვეტის პროცედურები მიმდინარეობს - მთავრობა

6158789b290d9
დავით ჯალაღონია
04.10.21 10:15
2157
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მოამზადა, სადაც მომავალი წლისთვის გათვალისწინებული შემოსავლების, ხარჯებისა და პროექტების გარდა, მოცემულია ფისკალური რისკების ანალიზი.

სწორედ აღნიშნულ დოკუმენტში მოცემულია სცენარები, თუ როგორ გაიზრდება წნეხი ბიუჯეტზე ორი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის - "ნამახვანჰესისა" და "ხუდონჰესის" განხორციელების შემთხვევაში.

ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის თანახმად, პესიმისტური სცენარის მიხედვით, დასახელებული ორი ჰესის აშენების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში ინვესტორებისთვის მთავრობას ჯამურად შესაძლოა, დაახლოებით, 1 მილიარდი ლარი ჰქონდეს გადასახდელი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იქნება ელექტროენერგიის საბაზრო ღირებულება და რა თანხის შევსება მოუწევს სახელმწიფოს, კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მსგავსი რისკები უკვე შემცირებულია, რადგან "ნამახვანისა" და "ხუდონის" პროექტებზე მემორანდუმების შეწყვეტის პროცესი მიმდინარეობს, შესაბამისად, ეს ორი ობიექტი, ინვესტორებთან აქამდე შეთანხმებული პირობებით აღარ აშენდება.

"PPA კონტრაქტები ქვეყნისთვის წარმოადგენენ ფისკალური რისკის ერთ-ერთ მსხვილ წყაროს. ასეთი ტიპის ხელშეკრულებები შეიცავენ დიდი დოზით პირობით ვალდებულებებს. მთავრობის მიერ აღებული პირობითი ვალდებულება როგორც წესი რეალიზაციას პოვებს არა ეკონომიკური აღმასვლის და პიკის მომენტში, არამედ კრიზისულ პერიოდში, როცა სახეზეა ეკონომიკური შოკი. რეალიზებული პირობითი ვალდებულების ჯამურმა ოდენობამ ერთი წლის განმავლობაში შესაძლოა შეადგინოს 0.9-1.2 მილიარდი ლარი, რაც წარმოადგენს ჩვენს მიერ მოდელირებულ პესიმისტურ სცენარს.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს ხუდონის და ნამახვანის მემორანდუმების შეწყვეტის პროცედურები, ფისკალური რისკის დემონსტრირების მიზნით, მოდელში ასახულია ორივე პროექტი მემორანდუმით განსაზღვრული PPA პირობებით. მოდელი ეფუძნება შემდეგ დაშვებებს:

- ყველა PPA ოპერირების ეტაპზეა გადასული (ჩართულია). ცხრილში ჩანს თითოეული მათგანის გენერაცია;
- გაკეთებულია დაშვება, რომ ეკონომიკური შოკის პირობებში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შემცირების გამო, ქვეყანაში შეიქმნა ჭარბი ენერგია, რომლის შესყიდვაზეც სახელმწიფოს ვალდებულება აქვს აღებული;
- რადგან ბაზარი დერეგულირებულია, პირველ რიგში მომხმარებელი ყიდულობს იაფ ენერგიას და გაუყიდავი რჩება ყველაზე ძვირი ენერგია, ასეთებია Top-3 პროექტი - ნენსკრა, ხუდონი და ნამახვანი.
- გენერაციის ძირითადი ნაწილი მოდის იმ თვეებზე, რომელზეც ვრცელდება PPA;
- ელექტროენერგიის საბაზრო ფასი 1 კვტ.სთ-ზე შეადგენს 5.5 აშშ ცენტს.

ამ დაშვებების გათვალისწინებით, სახეზეა ორი ტიპის რისკი:

- PPA ტარიფისა და საბაზრო ფასის განსხვავების გამო წარმოქმნილი ვალდებულება, რისი მოხდენის ალბათობაც ძალიან მაღალია, შეადგენს 94.5 მლნ აშშ დოლარს. მაგალითად, ნამახვანის ხარჯი ოპერირების პირველ წელს (როცა ტარიფი 6.2 ცენტია), შეადგენს 5 მლნ აშშ დოლარს, ეს თანხა მეთხუთმეტე წელს ადის 27 მლნ აშშ დოლარამდე ტარიფის ესკალაციის გამო; ასეთი ტიპის რისკების რეალიზება უნდა დაგვიდგეს ბაზრის დერეგულურებისთანავე.

- ეკონომიკური შოკის შედეგად (მაგ. პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკ. კრიზისი) ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირების გამო წარმოქმნილი ჭარბი ენერგია, რომლის სავალდებულო შესყიდვაზეც გაცემულია სახელმწიფო გარანტია PPA კონტრაქტის სახით - 205 მლნ აშშ დოლარი. თუ დავუშვებთ რომ ეკონომიკური კრიზისები მეორდება ყოველ 10 წელში ერთხელ, დაახლოებით 10-წლიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ ასეთი რისკის რეალიზებას. ისეთ პროექტებში, სადაც სახეზეა ტარიფის ესკალაცია, აღნიშნულის ეფექტი კიდევ უფრო მძიმდება.

წარმოდგენილი სცენარით რისკის რეალიზების მოცულობამ, შესაძლოა, შეადგინოს დაახლოებით 300 მლნ აშშ დოლარი (ლარებში 0.9-1 მლრდ ლარი). ამ თანხიდან დაახლოებით 30%-ის რეალიზების ალბათობა ძალიან მაღალია, დანარჩენი ნაწილის რეალიზება მიბმულია ეკონომიკური შოკის მოხდენის ალბათობაზე, რომელიც მეორდება დაახლოებით ყოველ 10 წელში ერთხელ და წარმოადგენს პესიმისტურ სცენარს", - წერია ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაციისთვის, Trans Electrica BVI-სა და Trans Electrica Georgia-სთან საქართველოს მთავრობამ ხუდონის 702-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით პირველი მემორანდუმი 2011 წელს გააფორმა. მას შემდეგ დოკუმენტში არაერთი ცვლილება შევიდა. 2015 წელს განახლებული მემორანდუმის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსადგურის აშენების შემდეგ იღებდა ვალდებულებას, რომ აშენებიდან 15 წლის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ტარიფად შეეძინა გამომუშავებული ელექტროენერგია. კერძოდ, PPA ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ პირველი 8 წლის განმავლობაში "ხუდონის" გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული ტარიფი კილოვატზე 10.5 აშშ ცენტი იქნებოდა, თუმცა პროექტის განვითარება, ფაქტობრივად, გაჩერებულია.

რაც შეეხება ნამახვანჰესს, პროექტის ინვესტორმა სტამბოლის საფონდო ბირჟაზე განცხადება გამოაქვეყნა, რომ ის საქართველოს მთავრობასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს. თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თემის კომენტირებისას განაცხადა, ზოგჯერ ინვესტორს მოთმინება ღალატობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები