ეთხოვა ყველა კლინიკას, მოიმარაგონ გრიპის ტესტებიც, რომ კოვიდ 19-ის და გრიპის ვირუსის დიფერენცირება მოვახდინოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, შემოდგომის დადგომასთან ერთად სხვადასხვა ვირუსის გააქტიურებაა მოსალოდნელი.
„უნდა ვუფრთხილდეთ ამ სეზონს ყველანაირად, რადგან პირველად იქნება თანხვედრა კორონავირუსის და სეზონური ვირუსების. როგორც კოვიდ 19, ისე გრიპი - ორივე არის რესპირაციული ინფექცია, კლინიკურად ძალიან გვანანან ერთმანეთს და მათი გარჩევა შესაძლებელია მხოლოდ ლაბორატორიებში. იმ 21 ლაბორატორიას, რომლებიც ფუნქციონირებს, შეუძლიათ გრიპის დიაგნოსტირება. ეთხოვა ყველა კლინიკას, რომ მოიმარაგონ გრიპის ტესტებიც, რომ ადვილად მოვახდინოთ დიფერენცირება ამ ორი რესპირაციული ინფექციის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება გრიპის ვირუსს, NCDC-ს ხელმძღვანელის ინფორმაციით, სახელმწიფომ უკვე შეიძინა გრიპის ოთხკომპონენტიანი 135 ათასი დოზა ვაქცინა და მაქსიმალურად ცდილობს რაოდენობა მინიმუმ გააორმაგოს.
გამყრელიძის ინფორმაციით, აცრა პირველ რიგში რისკ-ჯგუფებს ჩაუტარდებათ და ის ასევე ხელმისაწვდომი იქნება კერძო კლინიკებში.