მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანაგადახდის მექანიზმის ამოქმედების პარალელურად, სადაზღვევო სექტორი ე.წ დაშენებული პაკეტების აღდგენას ითხოვს

მღზვეველი

საქართველოს მთავრობა DRG-ის სისტემაში ცვლილებებს აანონსებს და საყოველთაო ჯანდაცვაში თანაგადახდის კომპონენტი შემოაქვს. პაციენტი, რომელიც დადგენილი ფასწარმოქმნის ფარგლებში სასურველი მომსახურების მიღებას ვერ შეძლებს თანხას ჯიბიდან დაამატებს, რაც სექტორის შეფასებით, პაციენტის ხარჯებს გაზრდის. ჯერჯერობით უცნობია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილეები დამატებითი სერვისის მისაღებად კერძო სადაზღვევო პაკეტების გამოყენებას თუ შეძლებენ.

DRG-ის მექანიზმის გავლენის შეფასებას ითხოვს PSP დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოფო ლებანიძე, რომელიც თვლის, რომ პაციენტი დღეს არჩევანში შეზღუდული არ უნდა იყოს და კერძო დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არ უნდა ტოვებდეს. მისი თქმით, ამ ეტაპზე შესაფასებელია DRG-ის გავლენა, როგორც ფასწარმოქმნაზე, ისე პაციენტების მომსახურების ხარისხზე.

“გამოდის, რომ ეს ინსტრუმენტი არის მოქმედი მხოლოდ სახელმწიფო პროგრამისთვის, ანუ გამოდის რომ პროგრამის ადმინისტრირების მექანიზმია და არა დაფინანსების სისტემა ან პოლიტიკა. შესაფასებელია აუცილებლად DRG და მისი გავლენა სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და ფასწარმოქმნაზე. ამ ყველაფრის შეფასების შემდეგ ვისურვებდი, რომ ეს სისტემა გავრცელდეს ყველა შემსყიდველზე და რიგით მეორე შემსყიდველი სამედიცინო სერვისების ეს არის სადაზღვევო ინდუსტრია. ამ გარკვეული დაფინანსების წესრიგის შემოტანით სამედიცინო ზარალების მართვა პროგნოზების კეთება დანახარჯებთან მიმართებით, ზოგადად პროვაიდინგის სერვისის აწყობა და ა.შ იქნება ბევრად უფრო მარტივი, მოქნილი და ეფექტური,”- ამბობს PSP დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოფო ლებანიძე.

მოქალაქეები კერძო დაზღვევაზე უარს ხშირად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამორიცხვის რისკით ვერ გამორიცხავენ. სადაზღვევო კომპანია არდის საოპერაციო დირექტორი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ზარალობს პაციენტიც და სადაზღვევო კომპანიაც, რომლის მომსახურებაც ნაკლებად საინტერესო ხდება.

“კერძო და ნებაყოფლობითი დაზღვევის განვითარების გარეშე, ისევე როგორც სახელმწიფო დაზღვევის გარეშე ვერ განვითარდება ჯანდაცვა. ეს აჩვენა ისტორიამ, რომ არც მხოლოდ სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემამ გაამართლა სრულად და არც მხოლოდ კერძო დაზღვევაზე დამყარებულმა სისტემამ. ამიტომ განვითარებული ქვეყნები ყველანი მიდიან ე.წ შერეულ სისტემებზე, სადაც მონაწილეობს ორივე მხარე. სერიოზული როლი აქვს ფლობაშიც, მენეჯმენტში და დაზღვევაში, როგორც კერძო ისე სახელმწიფო სექტორს,”- აცხადებს სადაზღვევო კომპანია არდის საოპერაციო დირექტორი ეკა ერგემლიძე.

DRG-ის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე და ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ამირან გამყრელიძე, რომელიც დაანონსებულ ცვლილებებს მიესალმება და აღნიშნავს, რომ დაშენებული პაკეტების შემოღება აუცილებელია. მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო სისტემის სინერგია საუკეთესო შედეგს იძლევა და პაციენტის შეზღუდვა ამ ნაწილში დარგს მხოლოდ აზარალებს.

“დღეს გვაქვს ტენდეცია, იმიტომ რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან არ ამოვარდნენ კერძო დაზღვევაზე ამბობენ უარს. შესაბამისად, ისინი უარს ამბობენ მიიღონ ბენეფიტები, რაც შეუძლია დაზღვევამ მიაწოდოს, იგივე მედიკამენტების თანადაფინანსებაში, სტომატოლოგიურ თუ ამბულატორიულ დაფინანსებაში. დღეს ყველაზე მომართვიანობა ამბულატორიული თვალსაზრისით არის და სჭირდება პაციენტებს სპეციალისტების კონსულტაციები და კვლევები, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა ძალიან მცირე კომპონენტით ფარავს. შესაბამისად, ამის გადახდა ჯიბიდან უწევს საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილეს, იმიტომ რომ პროგრამა ამ სერვისებს არ ფარავს,”- აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

როგორც ცნობილია, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაზღვევის “დაშენებული” ანუ “შემავსებელი” პაკეტები 2017 წელს გააუქმა. იქამდე მოქალაქეებს კერძო დაზღვევასთან ერთად სახელმწიფო, საყოველთაო დაზღვევის სერვისებით სარგებლობა შეეძლოთ. შეზღუდვის დაწესება მაშინ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის უკონტროლოდ გაზრდილი ხარჯების შეკავებას ემსახურებოდა, თუმცა შედეგად ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა და სადაზღვევო პაკეტები გაძვირდა. დაშენებული სადაზღვევო პაკეტების აღდგენის რეკომენდაცია 2 წლის წინ კონკურენციის სააგენტომაც გასცა, რაზე პასუხიც მთავრობის მხრიდან ჯერ არ ყოფილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები