მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო ინდუსტრია იზრდება არა დაზღვეულთა რაოდენობის ინტეგრაციით, არამედ ფასების კორექტირებით - სოფო ლებანიძე

სოფო ლებანიძე

PSP დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდული პრემიის ზრდა ძირითადად დაზღვევის გაძვირებითაა განპირობებული და არა დაზღვეულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდით.

როგორც სოფო ლებანიძემ BMG-ის განუცხადა, წლიურ ჭრილში სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობის 25 ათასით გაზრდა უმნიშვნელოა. მისივე თქმით, არსებული მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ სადაზღვევო სექტორი მოგებიანობის მაღალ მაჩვენებელზე არ მუშაობს.

„წელს 9 თვეში მოზიდული პრემია დაახლოებით 17%-ითაა გაზრდილი, სადაც დიდი წილი ჯანმრთელობის დაზღვევას აქვს. ანაზღაურებული ზარალი 22%-ითაა გაზრდილი. იზრდება მოზიდული პრემია და ანაზღაურებული ზარალიც, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაზღვევო სექტორი როგორც ადრე, ახლაც არ მუშაობს მოგებიანობის მაღალ მაჩვენებელზე.

გასულ წელთან შედარებით ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა მხოლოდ 25 ათასითაა გაზრდილი. ეს სამი მონაცემი - მოზიდული პრემია, ანაზღაურებული ზარალები და დაზღვეულთა რაოდენობა, მივხვდებით იმას, რომ ინდუსტრია იზრდება არა დაზღვეულთა რაოდენობის ინტეგრაციით, არამედ ფასების კორექტირებით, რასაც შეგვიძლია გაძვირებაც დავარქვათ. დაზღვევა განსაკუთრებით იმ ფონზე ძვირდება, რომ უტილიზაცია და სამედიცინო სერვისებით სარგებლობა მთლიანად შეცვლილია.

ცუდი ისაა, რომ მოტივაცია, ადამიანების რაოდენობა გაიზარდოს, ვისი რისკიც სადაზღვევო სექტორის მიერ იქნება მართული, არც აქამდე იყო და სამწუხაროდ, არც ახლა არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მომავალშიც გვექნება ასეთი ნელი ტემპი, რომ სადაზღვევო ბიზნესი დაზღვეულთა რაოდენობის მიმართულებით გაიზარდოს“, - განაცხადა სოფო ლებანიძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის 9 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა 243 მილიონი ლარის სადაზღვევო მოგება მიიღეს, ხოლო წმინდა მოგებამ 115 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს (₾63 მლნ) 1.8-ჯერ აჭარბებს. ამასთან, 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 983 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები