დღევანდელი ჯანდაცვის სისტემის მოდელი იმგვარადაა მოწყობილი, რომ მოტივაცია არ არსებობს, კერძო სადაზღვევო სისტემაში დაზღვეულთა რიცხვი გაიზარდოს - ამის შესახებ PSP დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს.
როგორც სოფო ლებანიძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა, რომელიც ამ დროისთვის 20%-ს შეადგენს, ნელი ტემპებით იზრდება.
მისი თქმით, თუკი მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით სადაზღვევო ინდუსტრიის ინიციატივებს გაიზიარებენ, ერთი მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის ტვირთი მნიშვნელოვნად შემცირდება, მეორე მხრივ კი სადაზღვევო ინდუსტრია უფრო სწრაფად განვითარდება.
„მიმდინარე წლის 6 თვეში დაახლოებით 20%-ით გაიზარდა სადაზღვევო ინდუსტრია, 57%-ით გაიზარდა ზარალიანობა და 3%-ით დაზღვეულთა რაოდენობა. წლიურად სულ 13 ათასი ადამიანით მეტი სარგებლობს კერძო ნებაყოფლობით სამედიცინო დაზღვევით. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. დღევანდელი ჯანდაცვის სისტემის მოდელი იმგვარადაა მოწყობილი, რომ არანაირი მოტივაცია არ არსებობს, კერძო სადაზღვევო სისტემაში დაზღვეულთა რიცხვი გაიზარდოს. არადა, თუ ეს მაჩვენებელი გაიზრდება, ეს ამ პროცესში მონაწილე სამივე მხარისთვის ძალიან კარგი იქნება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოქალაქეებისთვის, რადგან მათი სადაზღვევო რისკები მართული იქნება. მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის ტვირთი მნიშვნელოვნად შემცირდება. ამასთან, ეს ძალიან კარგია თავად დაზღვევის ინდუსტრიის განვითარებისთვის. იმ პირობებში, როდესაც ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პროცესში მონაწილე სამივე მხარის ინტერესს, არ მაქვს საწინააღმდეგო არგუმენტი, თუ რატომ არ შეიძლება გადაიხედოს არსებული პოლიტიკა და შეიქმნას გარკვეული სტიმულები და მექანიზმები, რომ კერძო სადაზღვევო სისტემით მოსარგებლე მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდოს“, - განაცხადა სოფო ლებანიძემ.
ცნობისთვის, კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს. კერძოდ, 30 ივნისის მდგომარეობით, სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში 735 061 მოქმედი პოლისია, მაშინ, როდესაც 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 721 747 იყო, ხოლო 2022 წელს - 668 141 პოლისი.
დაზღვევის სახეობების მიხედვით მოზიდული პრემია ყველაზე მაღალი სწორედ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის მიმართულებითაა და 6 თვის მონაცემებით, 341.4 მილიონ ლარს შეადგენს, რაც გაზრდილი მაჩვენებელია 2023 წლის 6 თვეში არსებულ 279.8 მილიონთან შედარებით.