მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარი უფრო პრემიების ხარჯზე იზრდება - პსპ დაზღვევა

დაზღვევა

მოქალაქეთა რაოდენობა, რომელიც კერძო სამედიცინო სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობს, წლის პირველ ნახევარში 8%-ით გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, 30 ივნისის მდგომარეობით კერძო სამედიცინო დაზღვევით ქვეყნის მოსახლეობის 19% სარგებლობს. სადაზღვევო ინდუსტრიისთვის შემოსავლის მთავარი წყარო სწორედ ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობებია. ჯანმრთელობის დაზღვევიდან კომპანიებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 280 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 231,25 მილიონი ლარი იყო.

გაზრდილია პოლისების რაოდენობაც. წლის პირველ ნახევარში სადაზღვევო კომპანიებმა 53 ათას 606- ით მეტი ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი გასცეს, ვიდრე გასული წლის 6 თვეში. გაცემული პოლისების რაოდენობა კი 30 ივნისის მდგომარეობით 721 ათას 747-ს შეადგენს.

“პსპ დაზღვევის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, ჯანმრთელობის დაზღვევის პორტფელი გაიზარდა, თუმცა მცირედით. როგორც სოფო ლებანიძე ამბობს, მეტად გაზრდილია სადაზღვევო პრემია, ვიდრე ახალი პოლისების რაოდენობაა.

„გაიზარდა ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარი, მაგრამ სადიაგნოსტიკოა ის მონაცემი, რეალურად ბაზარი იზრდება, ფასი იზრდება თუ ადამიანების რაოდენობა იზრდება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვასკვნით იმას, რომ უფრო იზრდება ფასი,  ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარი იზრდება უფრო პრემიების ხარჯზე, ვიდრე ადამიანების ჩართულობის ხარჯზე. პოლისების რაოდენობა არც ისე გაზრდილია ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაში, მაგრამ სადაზღვევო პრემია არის უფრო გაზრდილი, ვიდრე პოლისების რაოდენობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გასული წელი იყო არასახარბიელო ამ თვალსაზრისით, მოგების გენერირება სამწუხაროდ ვერ მოხდა. რეალურად პირველი 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო ინდუსტრიამ შეძლო ის, რომ დააკომპენსირა გასული წლის არასახარბიელო მაჩვენებელი.

გასულ წელს სადაზღვევო სისტემაში ძალიან დიდი იყო ანაზღაურებული ზარალები სამედიცინო მიმართულებით, რამაც განაპირობა მოგებიანობის დაბალი მაჩვენებელი. წელს რეალურად დაკორექტირდა სადაზღვევო პრემიები. ვერ დავარქმევთ, რომ სადაზღვევო პრემიები გაძვირდა, კორექტირება შეგვიძლია ამას ყველაფერს ვუწოდოთ. ამ შემთხვევაში ბიზნესრაციონალურობა იყო დაცული, რათა რაღაც თვალსაზრისით ინდუსტრიამ შეძლოს პროდუქტების გამრავალფეროვნება და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება“,-აცხადებს სოფო ლებანიძე.

ოფიციალური სტატისტიკით, წლის პირველ ნახევარში ჯამში კომპანიებმა ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობიდან 279,8 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს. როგორც მოზიდული პრემიის, ისე ბაზრის წილის მიხედვით პირველ ადგილზე ჯიპიაი ჰოლდინგია. მიმდინარე წლის 6 თვეში კომპანიამ დაზღვევის ამ სახეობიდან 74,7 მილიონი ლარი მოიზიდა, მას ბაზრის 27% უჭირავს. მეორე ადგილზეა იმედი L, 52,8 მილიონი ლარის მოზიდული პრემიით. მას ბაზრის 19% უკავია. მესამე ადგილზეა არდი, მას ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის 16% უჭირავს და წლის პირველ ნახევარში დაზღვევის ამ სახეობიდან პრემიის სახით 45,7 მილიონი ლარი  აქვს გენერირებული.

რაც შეეხება მთლიანად ინდუსტრიის მოგებიანობის, მიმდინარე წლის 6 თვეში ბაზარზე მოქმედმა 18-მა სადაზღვევო კომპანიამ სამჯერ მეტი წმინდა მოგება გამოიმუშავა, ვიდრე გასული წლის პირველ ნახევარში. თუ 2022 წლის 6 თვეში ინდუსტრია 10 მილიონიან მოგებაზე გავიდა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სადაზღვევოებმა წმინდა მოგება 34 მილიონ ლარამდე გაზარდეს.

ბაზრის მოთამაშეების შეფასებით, ამ ზრდაში წამყვანი როლი არ ჰქონია ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც ბაზრის თითქმის ნახევარი უჭირავს. კომპანიები ამბობენ, რომ ჯამურად სექტორის მოგებიანობაზე გავლენა იმ სადაზღვევო პროდუქტების ზრდამ იქონია, რომელიც საბანკო ხაზებთან არის დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები