მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზაფხულში ავიაბილეთები 20%-ით გაძვირდება" - GASA-ს დამფუძნებელი

605231932776f
ანუკა ჯოხაძე
17.03.21 23:00
1944
ზაფხულში ავია ბილეთები 20%-ით გაძვირდება. ამის შესახებ BM.GE-ის უცხოური ავიაკომპანიების გენერალური სავაჭრო წარმომადგენლობის GASA-ს დამფუძნებელმა გიორგი შენგელიამ განუცხადა. როგორც ის ამბობს, დღეს ავიაბილეთის შეძენის და ფრენის დაგეგმვის ნაწილში დაახლოებით 15 წლის წინანდელი მდგომარეობაა.

მისივე თქმით, ფასები პანდემიურ წელს ავიაბილეთებზე სეზონურად, დატვირთვის მიხედვით იცვლებოდა. შემოდგომაზე ავიაბილეთებზე ფასების 30%-იანი ზრდა, ზამთარში ფასების 15%-იანმა შემცირებამ ჩაანაცვლა, რადგან ამ სეზონზე დატვირთვა ძალიან დაბალი იყო. GASA-ს დამფუძნებლის თქმით, ზაფხულში მგზავრთნაკადის ზრდასთან ერთად ბილეთებზე ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება.

“გასული წლის შემოდგომაზე ავიაბილეთების ფასი წინა პერიოდთან შედარებით 30-40%-ით იყო გაძვირებული. ზამთრის სეზონზე დატვირთვა დაბალი იყო, ამიტომ თებერვალ-მარტში ავიაბილეთების ფასი 15%-ით შემცირდა. პანდემიის პერიოდში ავიაბაზარზე მოთამაშეების აქტიური დაბრუნება არ არის დაგეგმილი. სავარაუდოდ, 100%-ით რეისების ის სიხშირე არ აღდგება, ეს კი, ავიაბილეთების ფასს ზაფხული პერიოდში 15-20%-ის ფარგლებში გაზრდის", - აცხადებს გიორგი შენგელია.

ფასების ზრდას კომპანია sky up Airlines-ის წარმომადგენლებიც ელოდებიან. უკრაინული ავიაკომპანია Sky up Airlines-ის გენერალური აგენტი საქართველოში და კომპანია “ავიაქსელის” ხელმძღვანელი ამირან აბესაძე ამბობს, რომ ზაფხულში ფასები სხვადასხვა მიმართულებაზე საშუალოდ 15%-ით გაიზრდება, რაც არაერთი ფაქტორით იქნება განპირობებული. მნიშვნელოვან როლს საწვავის გაძვირება ითამაშებს.

ამის მიუხედავად, “ავიაქსელის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფასების მატება მომხმარებლის ჯიბეზე არ აისახება, რადგან ზამთრის სეზონზე 15%-ით შემცირებული ფასების იმავე პროცენტული ნიშნულით ზრდა მოხდება, ეს კი ის ნიშნულია, რაც ბაზარზე ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2019 წელს იყო.

“თუ შევადარებთ 2019 წელსა და დღევანდელ სიტუაციას, ახლა ფასები შემცირებულია. ფაქტობრივად იმაზე ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს იყო. სავარაუდოდ ზაფხულისკენ ფასების მატება გარდაუვალი იქნება და 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდება. ეს კი იმიტომ, რომ ყველა ის ფაქტორი, რაც მოქმედებს ფასებზე, ვგულისხმობ, მგზავრთა დატვირთვას და საწვავის ღირებულებას, უბრუნდება 2019 წლის ნიშნულებს"-აცხადებს კომპანია “ავიაქსელის” ხელმძღვანელი ამირან აბესაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები