1 ივნისიდან საქართველოში არსებული რესტორნები, კაფეები-ბარები და ჰორეკა სექტორში მოქმედი სხვა ობიექტები, რომლებიც სურსათის გადამუშავებას და მიწოდებას ახორციელებენ, ვალდებულნი არიან, HACCP-ის სტანდარტი დანერგონ. HACCP საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს.
იმის გამო, რომ კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტებზე გადასვლა საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვევა, დარგობრივმა უწყებამ ბიზნესს 2022 წლის იანვრამდე საშეღავათო პერიოდი მისცა. როგორც ირკვევა კვების ობიექტების დიდი ნაწილი ახალ ცვლილებებზე გადასაწყობად მზად ისევ არ არის. გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, განსაკუთრებით ეს საკითხი მძიმედ უდგას რეგიონებში არსებულ მცირე კვების ობიექტებს.
„რეგულაციები მოითხოვს არამხოლოდ ტრენინგის ნაწილში და ცნობადობის ამაღლების ნაწილში ბიზნესისთვის ინფორმაციის მიწოდებას, არამედ მოითხოვს ასევე მატერიალურ საშუალებებს. მაგალითად, კვების დაწესებულებაში უნდა განხორციელდეს გარკვეული სარემონტო სამუშაოები, ამას მოითხოვს HACCP-ის სტანდარტი, რისი ფინანსური რესურსი რეგიონში კერძო ობიექტებს და კვების დაწესებულებებს არ აქვთ. ეს ნაწილი უგულებელყოფილია, მხოლოდ ტრენინგების ჩატარება ხდება. ამ ეტაპზე სეს-ი არ არის აგრესიული და ჯარიმებს არ წერს, მაგრამ რამდენი ხანი გააგრძელებს ასე, 6-8 თვე? მათ ფუნქციონირებაც უნდა დაიწყონ, რა დროსაც კერძო სექტორი არ იქნება მზადყოფნაში, რომ გაუმკლავდეს ამ გამოწვევას და ეს შექმნის ძალიან დიდ პრობლემებს. მთელი საქართველოს მასშტაბით, ობიექტების 70-80% ასეთია. ზოგმა არც კი იცის HACCP-ის სტანდარტი რა არის. ჩვენ ამ ეტაპზეც ვაკეთებთ კვლევას და კვების დაწესებულებები ამბობენ, რომ არ იციან რა არის HACCP -ის სტანდარტი“, - აცხადებს ლევან ქოქიაშვილი.
ის, რომ რეგიონებში არსებულ კვების დაწესებულებებს HACCP-ის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვთ, ადასტურებს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელიც.
„HACCP-ის იდეა არის აუცილებელი, თუმცა სამწუხაროდ, დღეს, განსაკუთრებით რეგიონებში ინფრასტრუქტურა თითქმის არ არსებობს, რათა დღეს HACCP დაინერგოს, მაგრამ თუ ნაბიჯი არ გადაიდგა, შეიძლება 10-15 წლის მერეც არ იყოს ბიზნესი მზად. სახელმწიფოს მხრიდან რეალურად არის ხელშეწყობა იმ კუთხით, რომ ეტაპობრივად დაინერგოს და ჩასაფრებულ პოზიციაში არ არიან. პანდემია გარკვეულწილად არის პრობლემა. HACCP -ის ზოგიერთი დებულება ითვალისწინებს ისეთ რეგულაციებს, რომლებიც არასდროს იქნებოდა გათვალისწინებული რესტორნების მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ რესტორანი ბევრ შემთხვევაში თავიდან გასაკეთებელია. მე ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ არა როგორც სფეროს წარმომადგენელი, არამედ როგორც მომხმარებელი. მომხმარებელი დაცული თუ არ იქნება, მხოლოდ სფეროს კეთილსინდისიერებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული. ნებისმიერ რესტორანში შესვლის დროს ეჭვი არ უნდა გეპარებოდეთ, რომ იქ მოწოდებული კერძი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თუ არა“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
1 იანვრიდან კვების ობიექტების HACCP-ის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ჩვენთან ინტერვიუში არ იზიარებს ბიზნესის პოზიციას, თითქოს HACCP -ის სტანდარტის შესახებ ბიზნესოპერატორებმა არაფერი იციან. ვასილ ბასილაძე ირწმუნება, რომ სააგენტოს სადამსჯელო ფუნქცია არ ექნება და საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან, ბიზნესს დამატებით გონივრული ვადა მისცენ.
„სეს-ის მიდგომა ყველა მიმართულების ბიზნესსექტორისთვის არის პარტნიორული, ჩვენი თვითმიზანი არ არის საჯარიმო სანქციები. მართლებიც იყვნენ, რომ პანდემიის გამო შექმნილი პრობლემები ყველაზე მეტად მათ დააწვათ, თუმცა ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და დამატებითი პერიოდი მივეცით ბიზნესს უფრო მეტად მომზადებისთვის. მთელი ეს პერიოდი ურთიერთობა არ შეგვიწყვეტია. ვაწარმოეთ შესაბამისი საინფორმაციო კამპანია და შევქმენით გზამკვლევი. ობიექტი თუ ოპერირებს და მას ყველაფერი კანონის მიხედვით აქვს საწარმოში დანერგილი, ეს ნიშნავს იმას, რომ HACCP -ის 90-95% შესრულებული აქვს, დარჩენილი არის სისტემატიზაცია, რომელიც უნდა გააკეთოს ბიზნესმა.
1 იანვრიდან უფრო გავაქტიურდებით და როცა შევალთ და შევამოწმებთ, თუ ამ სტანდარტში გამოიკვეთა რამე ხარვეზი და აღმოვაჩენთ, მივცემთ რეკომენდაციას და გონივრულ ვადას, რათა ეს ხარვეზი გამოასწოროს. თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ დავინახავთ, რომ არის წინგადადგმული ნაბიჯები და რაღაცაში მიხმარება სჭირდება, კიდევ მივეხმარებით და მივცემთ რეკომენდაციას. თუ ვნახეთ, რომ საერთოდ არაფერს აკეთებს, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, - აცხადებს ბასილაძე.
ასევე, სეს-ის ხელმძღვანელის მოადგილე პასუხობს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ კვების ბიზნესიდან ბევრმა HACCP-ის შესახებ არაფერი იცის.
„ვერ დაგეთანხმებით, რადგან ამის შესახებ ბიზნესმა კანონის ამოქმედებამდე 14 თვით ადრე იცოდა. ეს დაანონსდა მედიით, სოციალური ქსელებით. საინფორმაციო კამპანია ჩავატარეთ და ვერ დავეთანხმები, რომ 70%-მა არ იცის, რა არის HACCP-ის სტანდარტი. პირდაპირი შეხვედრებიც გვქონდა რეგიონებში, ასევე გვქონდა დისტანციური შეხვედრები. ასევე დონორ ორგანიზაციას ვთხოვეთ და ბიზნესასოციაციების მოცემული სიიდან 40 ბიზნესოპერატორი დატრენინგდა HACCP-ის სტანდარტზე. იმის თქმა, რომ „არ ვიცოდით“ მიუღებელია, რადგან ყველამ ყველაფერი ვიცით“, - აცხადებს ბასილაძე.
ცხადია, HACCP-ის სტანდარტზე გადასვლა ნაკლებად მტკივნეულია მსხვილი კაფე-ბარების ადა რესტორნებისთვის. რაც შეეხება მცირე კვების ობიექტებს, თუ ისინი შესაბამის ინფრასტრუქტურას სტანდარტებთან შესაბამისობაში არ მოიყვანენ, ან დახურვა ან შესაბამისი ჯარიმების გადახდა მოუწევთ. კანონმდებლობის თანახმად, მცირე ბიზნესი 200-ლარიან, მსხვილი ბიზნესი 400-ლარიან, განმეორებით შემთხვევაში კი 1200-ლარიან საჯარიმო სანქციას ექვემდებარება.