მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისი-აეროპორტის მიმართულებით საზტრანსპორტის დანიშვნა იგეგმება - ვადები უცნობია

62b198479ba84
ვიქტორია მღებრიშვილი
21.06.22 22:00
1119
ქუთაისსა და წყალტუბოს, აეროპორტთან და რკინიგზასთან წვდომა კვლავ არ აქვს - ამ თემაზე BM.GE-ის ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი რამდენიმე დღის წინ ესაუბრა. ქუთაისის აეროპორტის ქართველი და უცხოელი მგზავრების მხრიდან არაერთი უარყოფითი გამოცდილების გაზიარების შემდეგ, ასოციაციამ ქუთასის მერიას, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილს მიმართა, თუმცა ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი კვლავ გადაუჭრელია, რის გამოც ქუთაისს ძალიან ბევრი ვიზიტორი აკლდება.

იციან თუ არა ქუთაისის მერიასა და იმერეთის DMO-ში აღნიშნული საკითხის შესახებ და რას აკეთებენ სახელმწიფო უწყებები ამ გამოწვევის გადასაჭრელად - ამ კითხვებით BM.GE-მ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას (DMO).

უწყებებთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ქალაქ ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირების მიზნით, მუშაობა 2020 წლიდან მიმდინარეობს და ქუთაისის მერიასა და დღეისთვის კავკასიის გარემოს დაცვის ცენტრთან შესაბამისი შეთანხმებაც გაფორმებულია. აღსანიშნია, რომ ხელშეკრულების დეტალებზე შედარებით მეტი ინფორმაცია იმერეთის DMO-მ მოგვაწოდა.

„ბიუჯეტიდან გამომდინარე DMO ვერ დააფინანსებს მსგავსი ტიპის პროექტებს და ვერც თავის თავზე აიღებს სატრანსპორტო საშუალებების შეძენას, თუმცა ჩვენი ერთ-ერთი პრაქტიკის მიხედვით, გავცემთ სარეკომენდაციო პაკეტებს, რომელიც კერძო სექტორიდან წამოსულ წინადადებებს ეყრდნობა. კერძო სექტორთან ჩვენს ცენტრში შეხვედრები არაერთხელ გამართულა და აეროპორტამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნის შესახებ ინიციატივა ხშირად გაჟღერებულა, მიუხედავად იმისა, რომ აქ ოპერირებს Georgian Bus, Omnibus და ახლა რკინიგზის სადგურიც გაიხსნა კოპიტნარში. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს ქუთაისსა და აეროპორტს შორის უკვე ხელმოწერილია შეთანხმება ქუთაისის მუნიციპალიტეტსა და კავკასიის გარემოს დაცვის ცენტრთან, რომლის ფარგლებში მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, ეს არის ველობილიკების მოწყობა, მუხრანის ტყის აღდგენა და ზუსტად ამ პროექტის ფარგლებში 2 ელექტროავტობუსი უნდა შეიძინონ, რომელიც ქუთაისსა და აეროპორტის მიმართულებით ივლის“, - უთხრა BM.GE-ს იმერეთის DMO-ს ხელმძღვანელმა მარი დევიძემ.

ხელშეკრულების დეტალებისა და იმის გასაგებად როდიდან შეიძლება მოგვარდეს ქუთაისი-აეროპორტის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა ქუთასის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ, თუმცა სახელმწიფო უწყებაში მწირი ინფორმაციის შემოიფარგლნენ და გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ამაზე მეტ ინფორმაციას ვერ გააჟღერებენ: „პროექტი „ქუთაისის დაბალემისიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ ითვალისწინებს : ქუთაისის მიმდებარედ, 700 ჰექტარი ტყის აღდგენა-განახლებას, 2 თანამედროვე ავტობუსის შეძენას, ველობილიკების მოწყობას. პროექტის, პირველი ფაზა ითვალისწინებს ავტობუსების შეძენას“.

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით არსებული მარშრუტების შესახებ არსებულ საკითხებს, რომელიც ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ინფორმაციით, მგზავრებისთვის დიდ სირთულეებს ქმნის, რადგან აეროპორტში არ დგას საინფორმაციო დაფა, სადაც რკინიგზამდე მისასვლელი ტრანსპორტის, ასევე რკინიგზის მატარებლის განრიგი იქნება წარმოდგენილი. ამ საკითხზე იმერეთის DMO-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქუთაისის ტურისტულ მარშრუტებში ჩართვისთვის თავისი რესურსების ფარგლებში აქტიურად მუშაობენ.

„იმერეთის DMO-ს იმერეთი ადმინისტრირებას უწევს როგორც აეროპორტში არსებულ საინფორმაციო სერვის ცენტრს, ჩვენი გადამზადებული თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში ადგილზე არიან და ტურისტებს შესაბამის ინფორმაციას აწვდიან პოლიგრაფიულ საინფორმაციო მასალებთან ერთად. სულ ახალი პროდუქტი გვაქვს, რომელიც ჩვენმა სამსახურმა შექმნა ეს აპლიკაციაა „ქუთაისი თრეველი“, სადაც ასევე ქალაქში და რეგიონში არსებული ტურისტული პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციაა. ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც შეიძლება მობილური გახდეს.

ყველაფერი სახსრებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ჩვენ ვამჯობინეთ საინფორმაციო ცენტრი და მგზავრებთან უშუალო კონტაქტი გვქონოდა. ჩვენი მიზანი იყო, ეს უშუალო კონტაქტი შემდგარიყო ტურისტსა და საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებს შორის, რათა ტურისტების გადინება, არა ბათუმში და თბილისში მომხდარიყო, არამედ ვიზიტორები ქუთაისის მოსანახულებლად ჩამოსულიყვნენ“, - აღნიშნა მარი დევიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები