მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტს ახალი ასაფრენი ბილიკი ექნება, გამტარიანობამ კი 5 მილიონს უნდა მიაღწიოს - პროექტი

ქუთაისის აეროპორტი
15.05.24 18:26
3888

ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის აშენება იგეგმება, - ამის შესახებ ირკვევა აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმიდან, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში დღეს განიხილეს. გენერალური გეგმა მოიცავს აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ტერმინალის რამდენიმე ფაზად განვითარებას, რაც მომდევნო 5; 10 და 20 წლიან პერსპექტივებს მოიცავს.

სამინისტროს ინფორმაციით, აუცილებელია ქუთაისის აეროპორტის გაფართოება, ვინაიდან ის საქართველოში მგზავრთნაკადის მიხედვით ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია. 2023 წელს ის 1.7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 110%-ით მეტი იყო. შესაბამისად, ახალი გენერალური გეგმით, ეკონომიკის სამინისტრო მოელის, რომ აეროპორტის გამტარიანობა 5 მილიონ მგზავრზე უნდა იყოს გათვლილი.

"გენერალური გეგმის მიხედვით, სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება დაყოფილია რამდენიმე ეტაპად, რომელიც ითვალისწინებს მგზავრთნაკადის წინასწარ განსაზღვრული ოდენობის მიღწევის შესაბამისად განვითარებას 20 წლიან პერიოდში, რაც საბოლოოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ წლიურად 5.1 მილიონი მგზავრისა და 30 000-მდე რეისის მომსახურების შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს. გენერალური გეგმის შესრულება წელსვე დაიწყება - 2024 წლის ზაფხულში ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილია ახალი, 3.5 კილომეტრის სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, შესაბამისი სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქანის მშენებლობა, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს, მოემსახუროს ნებისმიერი ტიპის როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო საჰაერო ხომალდებს,"- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ასევე მისი მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების,“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელი პირები, ასევე ICAO-ს და IATA-ს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში გამოკვლეული და შეფასებული იქნა მთელი რიგი ასპექტები, რომელზე დაყრდნობითაც შემუშავდა საბოლოო დოკუმენტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის საჭიროება მგზავრთნაკადის ზრდის დინამიკამ განაპირობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ფიქსირდება ქუთაისის აეროპორტში. მინისტრის თქმით, გასულ წელს აეროპორტი რეკორდულ რაოდენობას - მილიონ შვიდასი ათასამდე მგზავრს მოემსახურა და ეს ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დასრულების შემდეგ.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტებმა განმარტეს, რომ კვლევა და შეფასებები მოიცავს აეროპორტის ტერმინალის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, ბაქანის, სამიმოსვლო ბილიკებისა და აეროპორტის სხვა ინფრასტრუქტურის ახლანდელ მდგომარეობას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მგზავრთნაკადისა და საჰაერო ხომალდების მოძრაობის პროგნოზებს; აეროპორტის ტერმინალისა და აეროდრომის (მათ შორის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, სამიმოსვლო ბილიკები, ბაქანი) განვითარების შესაძლო სცენარების შემუშავებას და შეფასების საფუძველზე საუკეთესო ალტერნატიული ვარიანტის შერჩევას; VIP ტერმინალის, სატვირთო ტერმინალების, ტექნიკური მომსახურების საწარმოს განვითარების შესაძლო ლოკაციებს, ასევე აეროპორტის გარე ტერიტორიის განვითარების შესაძლებლობებს და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები