ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის დაწყება წელს იგეგმება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშშია ნათქვამია, რომლითაც ის პარლამენტის წინაშე 28 ივნისს წარდგება.
ანგარიშიდან ასევე ვიგებთ, რომ 2024 წლის მაისში დასრულდა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ექსპერტების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა. კვლევა და შეფასებები მოიცავს აეროპორტის ტერმინალის, სამიმოსვლო ბილიკებისა და აეროპორტის ტერმინალის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, ბაქანის, სამიმოსვლო ბილიკებისა და აეროპორტის სხვა ინფრასტრუქტურის ახლანდელს მდგომარეობას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მგზავრთნაკადისა და საჰაერო ხომალდების მოძრაობის პროგნოზებს; აეროპორტის ტერმინალისა და აეროდრომის (მათ შორის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკები, ბაქანი) განვითარების შესაძლო სცენარების შემუშავებასა და შეფასების საფუძველზე საუკეთესო ალტერნატიული ვარიანტის შერჩევას. თუმცა პრემიერის ანგარიშში არ მოხვდა კვლევის შედეგები.
„დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის პროექტირების სამუშაოები.
ამჟამად მიმდინარეობს ბაზრის კვლევა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი. სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება 2024 წელსვე, ხოლო მთლიანი პროექტის საბოლოო დასრულება 2026 წელს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში BM.GE-ს უთხრეს, მშენებლობის ტენდერი უახლოეს პერიოდში უნდა გამოცხადდეს და პროექტის განხორციელების შედეგად ქუთაისს ახალი ასაფრენ დასაფრენი ზოლი ექნება.
პრემიერის ანგარიშში მოხვდა ასევე, 2024 წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომის გაფართოების სამუშაოების დასრულება, რამაც ჯამში ავტოსადგომზე ადგილების რაოდენობა 700-ამდე გაზარდა.
„2023 წლის ბოლოს ხელი მოეწერა „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თვითმფრინავების სადგომი ბაქნის რეკონსტრუქციისა და სადგომების სქემის შეცვლის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ხელშეკრულებას“, მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წელს. ამასთან, არსებული საჰაერო სატვირთო პოტენციალის ათვისების მიზნით, 2023 წელს ხელი მოეწერა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მცირე ზომის სატვირთო ტერმინალის მშენებლობის მიზნით, შესყიდვის ხელშეკრულებას, რომლის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წელს“, - ნათქვამია ანგარიშში.