მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტთან 150-ნომრიანი სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი აშენდება

5f84176fa813e
შოთა ტყეშელაშვილი
13.10.20 00:00
2976
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, რომელიც 150-ნომრიან სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრს გააერთიანებს.

პროექტის შესახებ BMG-სთან დეველოპერული კომპანია “კინორის” დამფუძნებელმა დომინიკ რომანომ ისაუბრა. მისი თქმით, მრავალფაზიანი პროექტის განვითარება თავდაპირველად 150 ნომრიანი, 3-ვარსკვლავიანი სასტუმროთი დაიწყება, ახალმა კომპლექსმა პირველ სტუმრებს 2023 წელს უნდა უმასპინძლოს. დომინიკ რომანოს თქმით, მიმდინარეობს პროექტის მეორე და მესამე ფაზების მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის შედეგების შესაბამისადაც ადგილზე სავაჭრო ცენტრის და გასართობი სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა განიხილება.

დომინიკ რომანოს თქმით, პროექტის განხორციელების იდეა გაჩნდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დღეს ქუთაისის აეროპორტის გარშემო ფაქტობრივად არ არსებობს სათანადო ტურისტული და სავაჭრო ინფრასტრუქტურა.

“თქვენთან სიდიდით მეორე აეროპორტი ქუთაისში მდებარეობს. ტურისტულად იზრდება როგორც იმერეთის, ასევე მთელი დასავლეთ საქართველოს შესაძლებლობები. ცხადია კოვიდის შემდგომ პერიოდზე ვსაუბრობ. დღეს ქუთაისის აეროპორტში უშუალოდ აეროპორტის გარდა არაფერი არაა. სწორედ ამიტომ ჩვენ აეროპორტის გარშემო ვიყიდეთ უზარმაზარი მიწის ნაკვეთი, რომელზეც ჩვენ ახალ სავაჭრო ცენტრს, ლოგისტიკურ ცენტრსა და სასტუმროს ავაშენებთ. შესაბამისად, აეროპორტის გარშემო ბევრად აქტიურს გავხდით სივრცეს. თავად ქუთაისის აეროპორტი საკმაოდ საინტერესო სივრცეა, აქედან ზღვაზე ბათუმში ჩასვლა ან სათხილამუროდ მთებში ასვლა არის შესაძლებელი. ეს სივრცე იქნება მათთვის, ვისაც არ აქვს იმ ზომის ბიუჯეტი, რომ უშუალოდ ბათუმის ან თბილისის აეროპორტში ჩამიფრინდეს, შესაბამისად სწორედ ამ კატეგორიის მგზავრებისთვის ჩვენ ახალ სივრცეს შევქმნით,”- ამბობს დომინიკ რომანო.

ცნობისთვის, რომანო უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია Guibor-ის დამფუძნებელია. კომპანია უძრავი ქონებისა და ტურიზმის მიმართულებით ინვესტიციებს საფრანგეთში, ესპანეთში, ისრაელსა და საქართველოში ახორციელებს. საქართველოში ინვესტიციებს 2018 წლიდან კომპანია Sodi Investment-ის მეშვეობით ახორციელებს, 2019 წელს კი ბიზნესპარტნიორთან ერთად დააფუძნა საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე კონცენტრირებული კომპანია “კინორი”, როელიც საქართველოში კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონების, ასევე ტურისტული მიმართულებით ახორციელებს ინვესტიციებს. ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტს სწორედ “კინორი” განახორციელებს.

დომინიკ რომანო ამბობს, რომ მომდევნო ორი წელი COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით ბიზნესის კეთებისთვის საკმაოდ რთული იქნება, თუმცა იმედოვნებს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ საქართველო იქნება ქვეყანა, რომელიც საკმაოდ სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას შეძლებს.

დომინიკ რომანო - ინტერვიუ BMG Checkpoints


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები