ქუთაისის ეკონომიკას და დემოგრაფიას აქ პარლამენტის ყოფნა არ წაადგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ის ამჟამად ქუთაისში იმყოფება, სადაც სტუდენტებს შეხვდა. ადგილობრივი მედია დაინტერესდა, განიხილება თუ არა, რომ ქუთაისი კვლავ საპარლამენტო ქალაქი გახდეს.
„ყველა დამეთანხმებით, რომ პარლამენტის ყოფნას ქუთაისში არ ჰქონდა არანაირი გავლენა ქუთაისის განვითარებაზე. შეიძლება თქვენთვის(მედიას) მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ქალაქის განვითარებაზე არავითარი გავლენა არ ჰქონდა. ჩვენი ჩამოსვლით თუ ეკონომიკა იცვლება, ჩამოვალთ ახლაც, მაგრამ ქუთაისის ეკონომიკას და დემოგრაფიას აქ პარლამენტის ყოფნა არ წაადგა.
ეს სტატისტიკითაც დასტურდება და სხვა ყველაფრით. ჩვენთვის მთავარია, რომ ქუთაისმა შეიძინოს ახალი ფუნქცია და მათ შორის ამის ხელშემწყობი ერთ-ერთი არის ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისს შევთავაზოთ ისეთი კონკრეტული გეგმები, რომელიც მის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას წაადგება.
რაც შეეხება შეთავაზებას, ჩვენ წარვადგენთ ძალიან მალე საარჩევნო გეგმას საზოგადოების წინაშე და ამ პროგრამაში ქუთაისს ექნება ღირსეული ადგილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.