ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკის მოწყობა იგეგმება. ამ მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1.4 მილიონ ლარს შეადგენს.
ტენდერის თანახმად, მიმწოდებელმა სამუშაოები რვა თვის განმავლობაში უნდა დაასრულოს. კომპანიებს შესყიდვაში საკუთარი წინადადებების წარდგენა 24 სექტემბრამდე შეუძლიათ.
ამასთან, ყოფილი პარლამენტის შენობის შიდა რემონტზეც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 9 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოები შენობის პირველ და მეორე სართულზე შესრულდება. აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება 13 აგვისტოს დაიწყება და 18 აგვისტოს დასრულდება.
2024 წელს წინასაარჩევნოდ წარდგენილი პროექტით, აღნიშნულ შენობაში ტექნოპარკი უნდა განთავსდეს. რამდენიმე დღის წინ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ შენობის ორი რობოტი ძაღლით, ორი ჰუმანოიდი რობოტით და სხვა რობოტული ტექნიკით აღჭურვისთვის 711 ათასი ლარის ტენდერიც გამოაცხადა.
ქუთაისის პარლამენტის შენობა უფუნქციოდ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დარჩა. მას შემდეგ ობიექტის შიდა სისტემების ამორტიზებაც მოხდა, რის გამოც შენობაში ქსელების, გათბობა-გაგრილების და სხვა სისტემების გამოცვლად გახდა აუცილებელი.




























