მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისში, მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება

ქუთაისის პარკი

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, რიონის სანაპიროზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

"პროექტის მიზანია ქალაქში შეიქმნას ახალი სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა და ქუთაისის სტუმრები შეძლებენ დასვენებას, სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში და კულტურულ ღონისძიებებში ჩართვას.

პარკში დაგეგმილია მედიათეკის, ღია ამფითეატრის, სპორტული მოედნების, სავარჯიშო ზონების, ჭარაკის მაგიდების, საბავშვო გასართობი სივრცეებისა და კვების ობიექტების განთავსება.

პროექტი ასევე ითვალისწინებს რეკრეაციული სივრცეებისა და სანაპიროს კუნძულთან დამაკავშირებელი საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას.

პარკი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სარწყავი, განათებისა და უსაფრთხოების სისტემებით.

ახალი პარკის სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული ყველა ვიზიტორისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

ქუთაისში, რიონის სანაპიროზე, ახალი პარკის მოწყობა ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას", - იტყობინება უწყება.

აღსანიშნავია, რომ პარკის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გასული წლის ბოლოს დასრულდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში შპს ზიარ არქიტექტურამ გაიმარჯვა, რომელიც შესაბამის მომსახურებას 1,652,000 ლარად გასწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები