მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებისთვის ₾1.4 მილიონიანი კონკურსი გამოცხადდა

ქუთაისი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების სარეკრეაციო სივრცის პროექტირების 1.4 მილიონი ლარის ღირებულების კონკურსი გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 3 დეკემბერს დაიწყება და 8 დეკემბერს დასრულდება.

შესყიდვის მიხედვით, პროექტის ფარგლებში, რიონის სანაპიროზე დაგეგმილია მრავალფუნქციური პარკის შექმნა, რომელიც გააერთიანებს რეკრეაციულ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სოციალურ სივრცეებს. ტერიტორიაზე განთავსდება მედიათეკა, ღია ტიპის ამფითეატრი, კაფეები, კვების ობიექტები, სპორტული მოედნები, სავარჯიშო ზონები და საბავშვო გასართობი სივრცეები.

როგორც ფონდში აცხადებენ, პროექტის კონცეფცია ეფუძნება ლანდშაფტზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც გულისხმობს მინიმალურ ჩარევას ბუნებრივ გარემოში და საფეხმავლო თუ ველობილიკების ქსელის შექმნას.

სარეკრეაციო სივრცე აღიჭურვება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მოეწყობა ავტოსადგომები, გარე განათების, სარწყავი, ელექტრო და წყალმომარაგების, ასევე უსაფრთხოების სისტემები.

კონკურსში გამარჯვებულს სპეციალური საკონკურსო კომისია გამოავლენს, რის შემდეგაც მომზადდება დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია და გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები