ქუთაისში, კერძოდ თბილისის ქუჩაზე ახალი სტუმარ-მასპინძლობის ობიექტი „თინას ეთნო მარანი“ გაიხსნა, რომელიც სტუმარს იმერულ სადილსა და ვახშამს, კერძების მომზადების მასტერკლასსა და ღვინის დეგუსტაციას სთავაზობს. ეთნო მარანს ერთდროულად 10 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, სხვადასხვა პაკეტის ფასები დაახლოებით 50-80 ლარის ფარგლებში მერყეობს.
როგორც „თინას ეთნო მარნის“ დამფუძნებელი თიკო ტოროშელიძე BM.GE-სთან ამბობს, ყველაფერი თავად ნულოვანი ინვესტიციით დაიწყო, სამომავლოდ კი მისი მიზანია სივრცემ ეთნო კუთხის მიმართულება შეინარჩუნოს და სტუმრებს იმერული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციების გათვალისწინებით უმასპინძლოს.
„ეს მარანი მამაჩემის გაკეთებულია, აქ ყოველთვის იკრიბებოდნენ ოჯახის მეგობრები, 90-იან წლებში შენობა ჩამოინგრა და აღარ ფუნქციონირებდა, დავიწყე მარნის აღდგენა, ნულოვანი ფინანსური ინვესტიციით, ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებდი, მუშის ფუნქციებიც მე შევითავსე, ყველა სკეპტიკურად მიყურებდა, მეუბნებოდნენ, რომ მარტო ვერ შევძლებდი, რადგან მშენებლობა ქალის საქმე არ იყო. პირველად სვანური ქვა ჩამოვანგრიე და ახლის კეთება დავიწყე, ძალიან ცუდი გამოვიდა, თავიდან გავაკეთე, მეორე ცდაზე უკვე სასურველი შედეგი მივიღე, ვიცოდი, რომ ვეღარ გავჩერდებოდი, ამის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობას ინტერიერისთვის ძველი ნივთების შეგროვების მიზნით შევუდექი, ამას სამსახურის შემდგომ ვაკეთებდი, როდესაც დავასრულე და მეგობრებმა შედეგი ნახეს, მითხრეს, რომ ეს ყველაფერი სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო და გადავწყვიტე ჩემი ნამუშევარი ბიზნესად მექცია“, - ყვება თიკო ტოროშელიძე.
„თინას ეთნო მარნის“ შემქმნელი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი ობიექტი იმერული სტუმარ-მასპინძლობის კულტურის ნაწილი იყოს.
„მინდა აქ მოსულმა ადამიანებმა იმერულ ოჯახში არსებული სითბო იგრძნონ, ნახონ, რომ ჩვენთან ეს ტრადიციები ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია“ - ამბობს ის.




























