აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამი ამერიკული F-15E Strike Eagle-ის ტიპის გამანადგურებელი შეცდომით ჩამოაგდეს. ინციდენტი ოპერაცია "ეპიკური ღრიალის" ფარგლებში, აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს მოხდა, რაც ირანული ავიაციის, ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების მოგერიებას გულისხმობდა. ექვსივე პილოტმა კატაპულტირება შეძლო, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ქუვეითმა მომხდარი ფაქტი უკვე აღიარა, აშშ კი ინციდენტის მიზეზების დასადგენად გამოძიებას აწარმოებს.
პარალელურად, ცენტრალურმა სარდლობამ ომის დაწყების შემდეგ ამერიკული მხარის დანაკარგების შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა. ბოლო მონაცემებით, ირანთან სამხედრო დაპირისპირების შედეგად ოთხი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მეოთხე ჯარისკაცი, რომელიც ირანის პირველი იერიშებისას მძიმედ დაშავდა, მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. დაღუპულთა ვინაობა ოჯახების ინფორმირებამდე არ სახელდება.
შეგახსენებთ, აშშ და ისრაელი შაბათიდან მოყოლებული ირანში არსებულ ობიექტებზე ინტენსიურ იერიშებს ახორციელებენ, რასაც თეირანმა რეგიონში მდებარე ამერიკულ ბაზებსა და ყურის ქვეყნებზე სარაკეტო თავდასხმებით უპასუხა. ამერიკული სარდლობის განცხადებით, მასშტაბური სამხედრო ოპერაციები და საპასუხო ქმედებები ამ დრომდე გრძელდება.




























