მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის 8 კმ უკვე გაჭრილია

ქვეშეთი კობის გვირაბი

ქვეშეთი-კობის გვირაბის 8 კილომეტრი უკვე გაჭრილია, - ინფორმაცია აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"9 კმ-იანი გვირაბის 8კმ უკვე გაბურღულია. პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანაც, რომლის 6170 მეტრია გაბურღული ამ დროისთვის. შეგახსენებთ, მთავარი გვირაბის გაყვანა მიმდინარეობს სპეციალურად ქვეშეთი-კობის პროექტისთვის დამზადებული გვირაბგამყვანი დანადგარით - TBM-ით, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ბურღვის პარალელურად TBM-ს ნაშალი ქანები გამოაქვს გარეთ და ფილებით მოპირკეთებასაც ახორციელებს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში აშენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი. მათ შორის, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, რომლის ბურღვა კლდოვან ქანებში მიმდინარეობს, საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. ახალი 23 კმ-იანი გზა მანძილს 11 კმ-ით შეამცირებს, ხოლო გზის გავლას 1 საათის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება. გზის დაახლოებით 70%-ს ექნება დამატებითი ზოლი.

როგორც გზების დეპარტამენტი იტყობინება, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზაც. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებულ მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, მათ შორის, ადგილობრივი გზების მშენებლობითა და არსებული ძველი სოფლის გზების განახლებით ახალი სატრანსპორტო ქსელის შექმნას და ტურისტული ცენტრის მშენებლობას.

გვირაბის გაყვანა 900 მილიონი ლარი ჯდება, ხოლო მთლიანად ახალი მაგისტრალის მშენებლობის ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. პროექტს ჩინეთის რკინიგზის გვირაბების კორპორაცია და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო აშენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები