პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძეს მოსაზრებით, ქვეყანას განვითარებისთვის „ემიგრაციიდან ტვინების დაბრუნება სჭირდება“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა.
მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ემიგრაციაში მყოფებმა, ვინც იქ თავის საქმიანობაში უკვე მოძლიერებულია, საქართველოში უნდა გადმოიტანონ ის პრაქტიკა, რა სფეროშიც იქ საქმიანობენ.
„განვითარებისთვის გვჭირდება ემიგრაციიდან წამყვანი ტვინების უკან დაბრუნება და მათი სტიმულირება, რომ ქვეყანა ასაშენებელია. მათ ის პლატფორმა უნდა მივცეთ, რომ არა უბრალოდ ჩამოდი ემიგრაციიდან, არამედ ვინც იქ უკვე კარგად არის ფინანსურად და თავისი კავშირები აქვთ, აქ უნდა შევთავაზოთ სახელმწიფო თუ სხვადასხვა უწყებებში კონკრეტული თანამდებობის და უნდა უთხრა, რომ შენ გადმოიტანე, მაგალითად, სამედიცინო სფეროში ის, რასაც ამერიკაში ემსახურები და ა.შ“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება კითხვას, რას უნდა დაესვას წერტილი მან უპასუხა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობას.
„წერტილი უნდა დაესვას აზროვნებას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა. ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ხალხის გადასახადები წლების განმავლობაში გაფლანგა, ჯიბეში ჩაიდო და ნათესავებზე გადააფორმა - ეს უნდა გააკეთოს დამოუკიდებელმა პროკურატურამ და სასამართლომ. ასევე, საქართველოში ჯიპებით ქროლვას უნდა დაესვას წერტილი, მოადგილის, მოადგილის, მოადგილეს რომ შავი ჯიპი სჭირდება. ის ადამიანები, ვინც ჩემ მუსტანგზე ლაპარაკობს, რამდენი ფულია გადახდილი იმ ჯიპში, რომელიც მე შევიტანე ბიუჯეტში. „ქართული ოცნების“ მმართველობას უნდა დაესვას წერტილი“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.