რეკორდული ზრდის შემდეგ IT სექტორის შემოსავლები პირველ კვარტალში შემცირდა. 2023 წელი სექტორისთვის 53%-იანი ზრდით დასრულდა, თუმცა გასულ სამ თვეში შემოსავლების 27%-იანი კლებაა. შედეგები სექტორის წარმომადგენლებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, კლების ტენდენცია გასული წლის პირველი კვარტალიდან მოყოლებული მათთვისაც შესამჩნევი იყო.
მიმდინარე წელს შემოსავლების შემცირების მთავარ ფაქტორად მიგრაციული ეფექტის შენელება სახელდება. რუსეთ-უკრაინის ომის პირველ წლებში ქვეყანაში რუსი, უკრაინელი და ბელორუსი აიტი დეველოპერები შემოვიდნენ, მათი ნაწილი ქვეყნიდან ეტაპობრივად წავიდა მიგრაციის ტემპი კი შენელდა. FUTURE LAB-ის მმართველი პარტნიორი ირაკლი ქაშიბაძე თვლის, რომ საქართველო არამხოლოდ სერვისის მიმწოდებელი ქვეყანა უნდა იყოს, არამედ ადგილზე ისეთი კომპანიები უნდა მომრავლდეს, რომლებიც თავად ქმნიან აიტი პროდუქტებს. ამ შემთხვევაში სექტორში სტაბილური ზრდა მიღწევადია.
“ამ სექტორს ახასიათებს მიგრაცია და შეიძლება რომ აიტი სპეციალისტების გარკვეული რაოდენობა, რომელიც საქართველოში მუშაობდა გადავიდა სხვა ქვეყანაში. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ქვეყანაში გარდა ამ მიმართულების ხელშეწყობის, მოხდეს ე.წ ინოვაციური კომპანიების განვითარება და ხელშეწყობა, რომლებიც აიტი პროდუქტების შექმნაზე მუშაობენ და არამხოლოდ მომსახურების მიწოდებაზე. ამ შემთხვევაში უფრო სტაბილური არის ქვეყნის შემოსავალი და ჩვენ დავიცავთ იმისგან რომ გარკვეული პოლიტიკური ეკონომიკური რყევების ფონზე ამ ხალხის მიგრაცია სხვა ქვეყნებში.”-ამბობს FUTURE LAB-ის მმართველი პარტნიორი ირაკლი ქაშიბაძე.