ბიზნესი it სექტორში დასაქმებულებისთვის სპეციფიკური ბინადრობის ნებართვების შემოღებას ითხოვს, რადგან ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე უცხოელი მაღალ კვალიფიციური კადრები საქართველოს ტოვებენ.
ბინადრობის უფლებასთან არსებული გამოწვევების მოგვარების საჭიროებაზე საუბრობს future lab-ის მმართველი პარტნიორი ირაკლი ქაშიბაძეც, რომელიც ამბობს, რომ უკვე დროა საქართველო არამხოლოდ სერვისის მიმწოდებელი ქვეყანა იყოს, არამედ ქვეყანაში ისეთი კომპანიების ხელის შეწყობა მოხდეს, რომლებიც თავად იქნებიან აიტი პროდუქტების შემქმნელები.
შესაბამისად, აუცილებელია საქართველოში ამ მიმართულებით პროფესიონალი კადრების მოზიდვა და გრძელვადიანად შენარჩუნება მოხდეს, რადგან თუ ამ კუთხით ცვლილებები არ იქნება, ეს კადრები სხვა ქვეყნებში დასაქმდებიან, საქართველო კი მორიგ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს.
“საბოლოოდ, პროდუქტების შექმნა იქნება ისევ და ისევ საკვანძო ჩვენთვის, როგორც შემოსავლის მიღების ეფექტური საშუალება, რადგან მხოლოდ მომსახურების მიწოდება, აუთსორსინგი, ძალიან დიდი რისკის მატარებელია. შეკვეთები დღეს შეიძლება იყოს საქართველოში, მაგრამ ხვალ გადავიდეს ფილიპინელ აიტი სპეციალისტებზე ან მალაიზიელებზე. ყველა ეს ქვეყანა აქტიურად ზრდის აიტი სპეციალისტების რაოდენობას და იქ მოსახლეობა გაცილებით უფრო დიდია ვიდრე საქართველოში, ამიტომ გაგვიჭირდება კონკურენცია.
შესაბამისად, კონცენტრაცია რომ ჩვენ ბევრი აიტი სპეციალისტი გვეყოლება, რომელიც იმუშავებს საერთაშორისო კომპანიებზე, არაა საკმარისი. ჩამოსული სპეციალისტები უნდა ჩავრთოთ სტარტაპ საქმიანობაში, მენტორინგში. მთავრობამ უნდა იფიქროს, მე ვიცი რომ გარკვეული ელემენტები მუშავდება ჯიტაში, მაგრამ ეს უფრო სწრაფი, ქმედითი და ეფექტური უნდა იყოს,”- ამბობს FUTURE LAB-ის მმართველი პარტნიორი ირაკლი ქაშიბაძე.