მონაცემთა ბაზარი, როგორც ციფრული ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ელემენტი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდ ინდუსტრიად ყალიბდება. მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები ე.წ დატა ცენტრებს ავითარებენ. გასულ კვირაში სილქ როუდ გრუპმა მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დააანონსა, რაშიც 30 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ეს ქვეყანაში პირველი AAA+ კატეგორიის დატა ცენტრი იქნება, რომელიც კომპანიის ინდუსტრიულ კლიენტებს სასერვერო მომსახურებას გაუწევს.
ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი აუცილებლად გაიზრდება, რასაც მზად უნდა დავხვდეთ. სემეკის თავმჯდომარე BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ პროცესში მარეგულირებელი ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანი ელემენტია, იმისთვის, რომ ქვეყანამ დატა ცენტრების შეუფერხებელი მუშაობისთვის აუცილებელი ელექტროენერგიის გამომუშავება შეძლოს.
“საქართველო ბოლო წლებში ხდება ციფრული ჰაბი. მნიშვნელოვანია ის, რომ "დატა ცენტრები" ვითარდება და უფრო მეტ ენერგიას მოიხმარენ, ისევე როგორც ელექტრომობილების განვითარების ხელშეწყობა მიმდინარეობს და შესაბამისად სულ უფრო მეტი ელექტრომობილი შემოდის.
აქედან გამომდინარე, ორი ახალი ენერგიის მოხმარების წყარო ჩნდება, რომელსაც დამატებითი დენი სჭირდება. ჩვეულებრივ მოხმარებასთან ერთად ეს ორი ახალი სახეობაც დამატებით ენერგიას მოითხოვს აქედან გამომდინარე, მომავალში კიდევ უფრო მეტი ელექტროენერგია იქნება საჭირო. მარეგულირებელი ჰესები ერთ-ერთი გამოსავალია",- ამბობს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.




























