ქვეყანაში 2050 წლისთვის მგზავრთნაკადი 19 მილიონამდე გაიზრდება - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ვაზიანის აეროპორტის განვითარებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ წინასწარი გათვლებიდან გამომდინარე, საქართველოს ვაზიანის აეროპორტი სჭირდება, რომელიც მათ შორის მგზავრთნაკადის ზრდის შემთხვევაში ქვეყანას დიდ სამსახურს გაუწევს.
„საბჭომ იმსჯელა და მიზანშეწონილად ჩაითვალა, ვაზიანში მოხდეს ახალი აეროპორტის განვითარება, რადგან ამას რამდენიმე უპირატესობა გააჩნია,მათ შორის მოცულობა, მგზავრთნაკადი, რომელსაც ვთვლით, რომ 2050 წლისთვის გაიზრდება. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა იზრდება, შესაბამისად ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ მობილობა გაიზრდება, იზრდება ტურიზმიც და ვვარაუდობთ, რომ 19 მილიონ მგზავრზე გათვლილი აეროპორტი დაგვჭირდება 2050 წლისთვის. ეს რეალისტური შეფასებებია და აქედან გამომდინარეობს ყველა სხვა ეკონომიკური დაშვება და ფინანსური გეგმა. ამ მონაცემების მიხედვით აეროპორტი მართლაც მიმზიდველი საფინანსო საინვესტიციო პროექტია“, - განაცხადა მან.
მინისტრის თქმით, აეროპორტის განვითარებისთვის ფინანსების დიდ ნაწილს აეროპორტების გაერთიანება საბიუჯეტო დახმარების გარეშე შეძლებს.
„არაერთი პოტენციური ინვესტორი გვყავდა, რომელიც დაინტერესებულია აეროპორტის გაფართოებაში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ვთვლით რომ ეს ფინანსურად რამდენადაც მიმზიდველი პროექტია, ჩვენ სახელმწიფო ამ შემთხვევაში აეროპორტების გაერთიანება შეძლებს ფინანსების დიდი ნაწილი მოიზიდოს საბიუჯეტო დახმარების გარეშე. მთავარი ამოცანაა, ბიუჯეტისთვის არ იყოს დამატებითი წნეხი ამ პროექტის განხორციელება. ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს განსახორციელებელი, რომელიც შეიძლება ფინანსურად არც ისე მიმზიდველი იყოს აეროპორტთან შედარებით და აქედან გამომდინარე, ნაკლებ ფინანსურად მიმზიდველ პროექტებზე უნდა მოხდეს სახელმწიფოს, ანუ სუვერენული დაფინანსების მიმართვა. თუმცა აეროპორტი ფინანსურად მიმზიდველი პროექტია და ვთვლით, რომ ფინანსებს დიდწილად თავად აეროპორტების გაერთიანების კომპანია მოიზიდავს - ამაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მიდის დიალოგი და საბოლოოდ ეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება მფლობელსა და მმართველს, დავითაშვილის თქმით შესაძლოა, მთლიანად სახელმწიფო იყოს.
„დიდწილად ეს იქნება სახელმწიფო და შეიძლება მთლიანად სახელმწიფო - იქიდან გამომდინარე როგორი იქნება დაფინანსების რესურსები, რა რესურსების მობილიზებას შევძლებთ ამ კონკრეტულ ეტაპზე. როდესაც ჩვენ დეტალების განხილვაზე გადავდივართ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ამ შემთხვევაში ჩვენი ამოცანაა მომგებიანი, სარფიანი პროექტი განახორციელოს სახელმწიფომ და საჭიროების შემთხვევაში განვიხილოთ ინვესტორის თანამონაწილეობაც. რაც შეეხება ოპერირების ნაწილს მოვიაზრებთ, რომ გვეყოლება პროფესიონალი ოპერატორი აეროპორტების ოპერატორი კომპანია, რომელსაც საკმარისი გამოცდილება გააჩნია, რომ აეროპორტი ეფექტიანად იმართოს და მეტი მგზავრთნაკადი უზრუნველვყოთ. ოპერირების ნაწილში რამდენიმე პარტნიორი გვეყოლება", - განაცხადა მან.
როდის მიიღებს პირველ მგზავრს ვაზიანის ახალი აეროპორტი? - მინისტრის პასუხი