ვაზიანის ახალი აეროპორტი პირველ რეისს 2028 წელს მიიღებს - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2025 წლის ბოლოს უნდა არსებობდეს დეტალური გეგმა, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფო მშენებლობის ეტაპზე გადავიდეს.
"ჩვენ, ვახორციელებთ სანავიგაციო კვლევებს, რომელიც გასული წლის შუაში დაიწყო და რამდენიმე თვიანი კონტრაქტი აქვთ ჩვენს კონტრაქტორებს და უახლოეს ვადებში დაასრულებენ, რაც მოგვცემს საშუალებას, ზუსტად განვსაზღვროთ ახალი ასაფრენ დასაფრენი ზოლის კონფიგურაცია, რაც აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, როგორი იქნება შემდეგში აეროპორტის გეგმა "მასტერპლანი". ამის შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ ამ კონკურსს, უახლოეს პერიოდში, რამდენიმე კვირაში დაიწყება. 2025 წლის ბოლოს, როგორც პრემიერმა განაცხადა ჩვენი მიზანია, გვქონდეს სრულყოფილი და დეტალური გეგმა, რომელიც სამშენებლო ეტაპზე გადასვლის საშუალებას მოგვცემს. ჩვენი ვარაუდით, ამას დასჭირდება 3 წელი. 2028 წლის ბოლოს ჩვენ შევძლებთ გვქონდეს სრულყოფილი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ახალი ფრენები განხორციელდეს", - განაცხადა დავითაშვილმა.
ცნობისათვის, თბილისის არსებულ აეროპორტს “ტავ ურბან ჯორჯია" მართავს. "TAV Airports Holding"-ის წევრი [“Aéroport De Paris” ჯგუფის წევრი], რომელმაც საქართველოში ოპერირება 2005 წელს დაიწყო და განახორციელებს საქმიანობას 2027 წლამდე "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან" არსებული მშენებლობა-ოპერირება-ტრანსფერის (BOT) ხელშეკრულების ფარგლებში.