საქართველოში მეორე წელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება. გასულ 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკურ სექტორებში მილიარდ 333 მილიონი დოლარი FDI ჩაიდო, 29,9%-ით ნაკლები, ვიდრე 2023 წელს. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინვესტიციების კლებას გასულ წელს სააქციო კაპიტალის 60%-ით, რეინვესტიციის მაჩვენებლის კი 26,4%-ით კლებას უკავშირებს.
ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიას გაუარესებული ქვეყნის საინვესტიციო პროფილიდან გამომდინარე FDI -ს 30%-იანი კლება არ უკვირს. მისი თქმით, ახალი ფული ქვეყანაში ფაქტობრივად აღარ შემოდის, ინვესტიცია კი ძირითადად კომპანიების რეინვესტიციას წარმოადგენს.
“ინვესტიციების 88% იყო რეინვესტიცია. 1,3 მილიარდი დოლარის ინვესტიციებიდან მხოლოდ 160 მილიონი არის ახალი ინვესტიცია. შარშან ორჯერ მეტი იყო, რა დროსაც 1,9 მილიარდი გვქონდა FDI. აქედან 310 მილიონი იყო ახალი, შესაბამისად ორჯერ შემცირდა ახალი ფულის შემოდინება.
რომ შევხედოთ რა არის რეინვესტირებული ფული - 500 მილიონი არის ფაქტობრივად 2 დიდი ბანკის მოგება, რომელიც დივიდენდის სახით არ გაცემულა და საქართველოში რჩება. არ შემოდის ახალი ფული, მნიშვნელოვნად იკლებს ახალი ფულის შემოდინება და ჩვენ გვაქვს უფრო უარესი საინვესტიციო პროფილი და მიმზიდველობა, რაც ადრე გვქონდა. თუ მდგომარეობა მეოთხე კვარტალში გაუმჯობესდა, ეს ნიშნავს, რომ მეტი მოგება ჰქონდათ ბანკებს.
ერთადერთი ნიშანი მცირე დადებითი მთელ სურათში იყო, რომ ენერგეტიკაში ინვესტიციები გაიზარდა, მაგრამ ესეც არაფერია, რადგან წინა წელს დიდი ვარდნა იყო და 2021 და 2022 წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი კლება იყო”,- აცხადებს ნიკოლოზ შურღაია.
საქსტატის მიხედვით, გასულ წელს ენერგეტიკაში FDI გაიზარდა. გასულ წელს ამ სექტორში ჯამში 126,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 82,2 მილიონი დოლარით მეტია.