კადრების მწვავე დეფიციტზე სამშენებლო სექტორი კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრობლემის წინაშე დღეს ბაზარზე მომუშავე ყველა კომპანია დგას, რადგან ქვეყანაში წინა წლებთან შედარებით ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა გაზრდილია. შესაბამისად, ყველა პროექტზე ბაზარზე არსებული საკადრო რესურსი საკმარისი აღარ არის. ამასთან, ბიზნესი ამბობს, რომ მიმდინარე პროექტები გასულ წლებთან შედარებით მასშტაბშიც გაიზარდა, შესაბამისად დღეს იმაზე მეტი კადრია საჭირო ვიდრე აქამდე იყო.
“სამწუხაროდ, სექტორიდან სამუშაო ძალის ძალიან დიდი გადინება მოხდა. ასევე პროექტები, რომელიც ქვეყანაში იწყება და ხშირად უპრეცედენტო მასშტაბისაა მოითხოვს დამატებით კადრებს. რაოდენობასთან ერთად გამოწვევაა კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა,”- აცხადებს „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ დირექტორი, ანა საბახტარიშვილი.
კადრების დეფიციტზე საუბრობენ კომპანია “ინსი”-შიც. კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ სექტორში პერიოდულად ხდება ანაზღაურების ზრდა, თუმცა პრობლემის გადაჭრა ამ გზით ვერ მოხერხდა.
“რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული ჩვენს სექტორში საკადრო დეფიციტი. ძალიან ბევრი პროექტია, შესაბამისად, ბევრი პროექტის განხორციელებას ბევრი კადრი სჭირდება. ამიტომ ამ პროექტებთან მიმართებაში იგრძნობა კადრების ნაკლებობა.
სამშენებლო სექტორში საქართველოსთან მიმართებაში არ არის დაბალი ხელფასები. წელიწადში ან 2 წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე სახელფასო ანაზღაურების გადახედვა და შესაბამისად იზრდება მათი ანაზღაურება,”- ამბობს ზვიად თოიძე – კომპანია „ინსი“-ს გენერალური დირექტორი და ICCA-ს გამგეობის თავმჯდომარე.