ფინანსისტი, გიგა ბედინეიშვილი BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“აცხადებს, რომ ქვეყანაში ახლა გაურკვევლობაა და შიშისა და იმედის ბრძოლა მიმდინარეობს.
მისი განმარტებით, თუ ქვეყანაში ყველაფერი ისე წავიდა, როგორც მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს, საქართველოს ეკონომიკა გაძლიერდება. ხოლო, თუ ისე წავიდა, როგორც მმართველ პარტიას და მათ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს უნდა, ამ შემთხვევაში ნეგატიური ეკონომიკური პარამეტრების შექმნაა მოსალოდნელი.
„დღეს ვართ გაურკვევლობაში. ერთის მხრივ შიშის და იმედის ბრძოლაა, იმიტომ, რომ თუ ისე წავიდა ყველაფერი როგორც მე მინდა და თქვენც გინდათ, ეკონომიკაში ძალიან ძლიერი და დადებითი მომენტი დადგება, ხოლო თუ ისე წავიდა როგორც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი გეგმავს, პირდაპირ გეტყვით, რომ არმაგედონი იქნება. უპირველესყოვლისა გეტყვით, რომ ლარი იქნება პირველი მსხვერპლი. მოლოდინი უკვე ძალიან ნეგატიური შეიქმნება ქვეყანაში და შემდეგ უკვე ეკონომიკურ პარამეტრებში იქნება გამოვლენილი. ვართ პატარა, ღია ეკონომიკა. ინვესტიციები არ გვექნება, გადმორიცხვებიც შემცირდება. ეს ყველაფერი ეკონომიკურ გაუარესებაში გამოისახება“, - ამბობს ფინანსისტი.
გიგა ბედინეიშვილი ეთერში ბოლო რამდენიმე წელიწადში გაზრდილ ეკონომიკურ პარამეტრებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს უკავშირებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებული არის კონტრაბანდულ იმპორტ-ექსპორტთან რუსეთში.
„ეკონომიკის მედეგობაზე თუ ვლაპარაკობთ, მთავარი არის აქტივობა, რომელიც საგადასახადო შემოსავლების 95%-ს შეადგენს და ეკონომიკური აქტივობა კიდევ დამოკიდებულია მათ შორის ინვესტიციების შემოდინებაზე და ლარის სიჯანსაღე კიდევ ტრანსფერზე. ეს არის ორი ძალიან დიდი ძრავი ეკონომიკის. შესაბამისად, რადგან გაუარესება იქნება, თუ უკან წავიდა საქმე, მაშინ ამან არ შეიძლება ძალიან არ იმოქმედოს ეკონომიკურ ზრდაზე. შესაბამისად, გადასახადების შემოდინების შემცირებაზე და შემდეგ ყველაფერი დომინოს პრინციპით, დნობის რეჟიმში გადავა.
კიდევ ერთი, დიდი ძრავი, რაც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში გვაქვს არის კაპიტალიზაცია იმ ომის, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს. ამან მკვეთრად გაზარდა ჩვენი გავლით ტვირთდინება. რაღაც ნაწილი ტვირთის ლეგიტიმურია, მაგრამ რაღაც ნაწილი არც მორალური და არც ლეგიტიმურია. მაგალითად, შაშხანების რეექსპორტი, საქართველოს გავლით რუსეთში, რომლითაც შემდეგ რუსეთი უკრაინის მოსახლეობას ხოცავს. ფაქტია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებული არის კონტრაბანდულ იმპორტ-ექსპორტთან რუსეთში. პირდაპირ ან ირიბად და ამაზე ჯერჯერობით დასავლეთს ძალიან მკაცრი რეაქცია არ აქვს“ - ამბობს ფინანსისტი.
მისივე თქმით, დასავლეთს აღნიშნულ ფაქტზე ლმობიერი რეაქცია აქვს და ცდილობს, რომ ისეთი ემბარგო არ დაუწესოს, რაც მოსახლეობაზეც აისახება. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ევროპას სხვა გამოსავალი არ ექნება, საქართველოს ეკონომიკასაც ემუქრება ისეთივე სანქციები, როგორც ეს ირანის შემთხვევაში მოხდა.