მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური ინსტიტუტის არარსებობა გამოწვევაა - ომბუდსმენი

ომბუდსმენი
28.09.24 12:18
358

28 სექტემბერს მსოფლიო ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური ინსტიტუტის არსებობა ქვეყანაში გამოწვევაა და საქართველოს სახალხო დამცველი წლებია საქართველოს მთავრობას საჯარო ინფორმაციის დაცვის სტანდარტის გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირებისკენ მოუწოდებს.

"ყველას აქვს უფლება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ასევე, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტებს. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეა და უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე.

ქვეყანაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური ინსტიტუტის არარსებობა. სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა საქმის განხილვის პროცედურის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს დაინტერესებული პირის ინფორმაციის სრულყოფილ და დროულ ხელმისაწვდომობას რასაც ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის საქალაქო და რეგიონული სასამართლოებიდან მიღებული სტატისტიკური მონაცემები. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ჟურნალისტების და უფლებადამცველების მიმართებით, ვინაიდან, დაგვიანებით გაცემულმა ინფორმაციამ, შესაძლოა, საზოგადოებისთვის დაკარგოს თავდაპირველი ღირებულება და ხელი შეუშალოს მათი საქმიანობის განხორციელებაში.[1] ინფორმაციის თავისუფლების სათანადო რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების საკანონმდებლო გარანტიების შექმნა, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და ეფექტიანი აღსრულება.

საქართველოს სახალხო დამცველი წლებია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას საჯარო ინფორმაციის დაცვის სტანდარტის გასაუმჯობესებლად ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირებისკენ, რაც სხვა საკითხებთან ერთად უზრუნველყოფს ეფექტიანი და დამოუკიდებელი საზედამხედველო მექანიზმის შექმნას", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები