მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში სამაცივრეების დატვირთვა გაიზარდა, მომსახურებით მიღებული შემოსავალი კი შემცირდა

6374a44314fe8
ვიქტორია მღებრიშვილი
16.11.22 23:00
632
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამაცივრე, სასაკლაო მეურნეობებისა და ელევატორების 2022 წლის მესამე კვარტლის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. აღნიშნულიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაწეული მომსახურებისა და მეურნეობებში შენახული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა, თუმცა მომსახურებით მიღებული შემოსავალი შემცირდა.

ოფიციალურის სტატისტიკის მიხედვით, III კვარტალში ქვეყანაში 271 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც - 59.0% შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. რეგიონების მიხედვით მოქმედი სამაცივრე მეურნეობები განაწილება ასეთია: კახეთის რეგიონში - 13.7%, ქ. თბილისში - 9.2%, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში - 5.5%, აჭარის ა.რ.-ში - 3.7%, ქვემო ქართლის რეგიონში - 3.3%, იმერეთის რეგიონში - 3.3%, გურიის რეგიონში - 0.7%, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - 0.7% და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში - 0.7%.

2022 წლის III კვარტალში მომსახურება 384 მომხმარებელს გაეწია. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 364 იყო. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, ომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით - 735 ერთეული შეადგინა(2021 წლის III კვარტალი - 252), ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთ თვიური რაოდენობა 1 902 კაცით განისაზღვრა(2021 წლის III კვარტალი - 1 404).

აღნიშნულ პერიოდში, მაცივრებში 93.6 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა, რაც გასული წლის III კვარტალის მაჩვენებელს 50.5%-ით აღემატება. შენახული პროდუქციაში 49.7% - ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით), 19.6% - ხილსა და ბოსტნეულზე, 15.5% - ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 7.7% - თევზეულზე მოდიოდა, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2022 წლის III კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი
მოცულობიდან 13.3%-ს - საკუთარი წარმოების, 13.3%-ს - შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 73.4%-ს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 6.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შემოსავალზე 4.4%-ით ნაკლებია.

2022 წლის III კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 120.6 მლნ ლარის ღირებულების (22.4 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ 21.6% შეადგინა, საკუთარი წარმოების პროდუქციამ - 35.3%, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ - 43.1%. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 60.3% ქათმის ხორცზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (49.4%), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (23.2%) და თევზეულზე (13.4%) მოდის.

საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 10.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 8.9%-ს შეადგენს. ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ივლისში 52.5%-ს, აგვისტოში - 56.1%-ს, ხოლო სექტემბერში - 52.8%-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები