მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ინდუსტრიაში სერიოზულ პრობლემას ჯერ ვერ ვხედავთ - ავეჯის კლასტერი

ქართული ავეჯის კლასტერი

ქართული ავეჯის კლასტერის გამგეობის თავმჯდომარე ბესიკ ვერძეული აცხადებს, რომ საქართველოში არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას ეკონომიკის ერთ-ერთ მიმართულებაზე - ავეჯის ინდუსტრიაზე, ჯერჯერობით, გავლენა არ მოუხდენია. ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში განაცხადა.

#რედაქტ2-ის კითხვაზე - აისახა თუ არა ავეჯის ინდუსტრიაზე პოლიტიკურად არასტაბილური გარემოს შედეგად უძრავი ქონების გაყიდვების ზრდის გარკვეულწილად შენელება, ბესიკ ვერძეულმა აღნიშნა: „როგორც წესი უძრავ ქონებაში არსებული შოკები, ჩვენს ინდუსტრიაში რამდენიმე თვის დაგვიანებით უფრო იგრძნობა ხოლმე. ასე მგონია, თუ უძრავ ქონებაში არსებული ტენდენცია გაგრძელდება, ავეჯის სექტორი ამას 2-3 წელიწადში იგრძნობს. ჯერჯერობით, ჩვენ სერიოზულ ცვლილებებს ვერ ვამჩნევთ და ვერ ვიტყვით, რომ ავეჯის ინდუსტრიაში რაიმე პრობლემაა“.

თუმცა მისივე თქმით, პოლიტიკურად არასტაბილური მდგომარეობა, თითქმის ყველა დარგზე მოქმედებს და ამ მხრივ არც ავეჯის ინდუსტრია იყო გამონაკლისი, თუმცა ბევრი კომპანია აცხადებს, რომ მაინც ჰქონდა წინსვლა.

„ზოგადად, ავეჯის ინდუსტრია საქართველოში მზარდია. ჩნდება ახალი კომპანიები, იდება ინვესტიციები, სხვა დარგებიდან ბიზნესის დივერსიფიცირების კუთხით. ამ დარგში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და ბევრი თვითდასაქმებულიც არსებობს. თანდათანობით აქცენტი ხარისხიან პროდუქტზე კეთდება და ბევრი ცდილობს ექსპორტზე გააკეთოს ორიენტაცია, თუმცა გარკვეული შეფერხებები ამ მიმართულებით არის.

საქართველოში ავეჯის იმპორტი გაიზარდა. ძირითადად ჩინეთიდან შემოტანილი პროდუქცია ფასის კუთხით ადგილობრივ მეწარმეებზე გავლენას ახდენს. ექსპორტის კუთხით ზრდა გვაქვს, თუმცა მოცულობები იმდენად მცირეა, რომ გლობალური ბაზრების მოთხოვნას ვერ უმკლავდება“, - განმარტავს ქართული ავეჯის კლასტერის გამგეობის თავმჯდომარე.

საქართველოში ავეჯის იმპორტი მზარდია. წლების განმავლობაში იზრდება ექსპორტიც, თუმცა ქვეყნიდან ავეჯის გაყიდვაში დიდი წილი რეექსპორტს უკავია. ამასთან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილობრივად წარმოებული და ზოგადად ავეჯის ექსპორტი მცირეა.

bm.ge-ის რედაქციამ საქსტატიდან ავეჯის იმპორტ-ექსპორტის სტატისტიკა გამოითხოვა, რაც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ორი ძირითადი სასაქონლო კოდით მოგვაწოდა - 9401 კოდში დასაჯდომი ავეჯი, საწოლად ტრანსოფრმირებადი ან არატრანსფორმირებადი ავეჯი ან მათი ნაწილები შედის, ხოლო 9403-ში კი დანარჩენი ავეჯი და მისი ნაწილებია, რაც მოიცავს ლითონის ავეჯს მათ შორის საწერ მაგიდებს, კარადებს, სამოქალაქო ავიაციისთვის საჭირო ავეჯს, საწოლებს, ხის ავეჯსა, მათ შორის საოფისეს, სამზარეულოს ავეჯს, ასევე ბამბუკის და ანალოგიური მასალებისგან დამზადებულ ავეჯს.

საქსტატიდან გამოთხოვილი ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველომ სხვადასხვა ქვეყნიდან 172 მილიონ 273 ათასი დოლარის ღირებულების ავეჯი შეიძინა, რაც წლიურად 11.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2024 წელს საქართველოსთვის ავეჯის მთავარი მომწოდებლები თურქეთი და ჩინეთი იყვნენ.

რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წელს საქართველოდან ექსპორტზე 17 მილიონ 496 ათასი დოლარის ღირებულების ამ დასახელების ავეჯი გავიდა, საიდანაც თითქმის ნახევარი 8 მილიონ 800 ათასი დოლარი რეექსპორტია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტის მაჩვენებელი 152%-ით არის გაზრდილი. საქართველოდან კი ავეჯი ძირითადად სომხეთსა და აზერბაიჯანში იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები