მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024-ში საქართველომ $172 მლნ-ის ავეჯი იყიდა - მთავარი საიმპორტო ქვეყნები თურქეთი და ჩინეთია

იმპორტი

საქართველოში ავეჯის იმპორტი მზარდია. წლების განმავლობაში იზრდება ექსპორტიც, თუმცა ქვეყნიდან ავეჯის გაყიდვაში დიდი წილი რეექსპორტს უკავია. ადგილობრივად წარმოებული ავეჯის ექსპორტი კი მცირეა.

საქსტატიდან გამოთხოვილი ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველომ სხვადასხვა ქვეყნიდან 172 მილიონ 273 ათასი დოლარის ღირებულების ავეჯი შეიძინა, რაც წლიურად 11.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ბოლო 4 წლის განმავლობაში ავეჯის იმპორტის დინამიკა ასეთია:

2021 წელი - $90.6 მლნ;

2022 წელი - $121.4 მლნ;

2023 წელი - $154.3 მლნ;

2024 წელი - $172.2 მლნ;

საქსტატმა ავეჯის იმპორტის მაჩვენებლები ორი ძირითადი სასაქონლო კოდით მოგვაწოდა, 9401 კოდში დასაჯდომი ავეჯი, საწოლად ტრანსფორმირებადი ან არატრანსფორმირებადი ავეჯი ან მათი ნაწილები შედის, ხოლო 9403-ში დანარჩენი ავეჯი და მისი ნაწილებია, რაც მოიცავს ლითონის ავეჯს მათ შორის საწერ მაგიდებს, კარადებს, სამოქალაქო ავიაციისთვის საჭირო ავეჯს, საწოლებს, ხის ავეჯსა, მათ შორის საოფისეს, სამზარეულოს ავეჯს, ასევე ბამბუკის და ანალოგიური მასალებისგან დამზადებულ ავეჯს.

ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2024 წელს საქართველოსთვის ავეჯის მთავარი მომწოდებლები თურქეთი და ჩინეთი იყვნენ.

ავეჯის TOP-10 იმპორტიორი ქვეყანა საქართველოში ასე გამოიყურება.

  1. თურქეთი - $64.9 მლნ;
  2. ჩინეთი - $39.5 მლნ;
  3. იტალია - $17.4 მლნ
  4. ბულგარეთი - $6.4 მლნ;
  5. უკრაინა - $3.8 მლნ;
  6. რუსეთი - $3.6 მლნ;
  7. გერმანია - $3.5 მლნ;
  8. ჰონკონგი - $2.9 მლნ;
  9. ბელარუსი - $2.8 მლნ;
  10. პოლონეთი - $2.6 მლნ;

ავეჯის იმპორტი ასევე მალაიზიიდან, ვიეტნამიდან, სლოვენიიდან, ნიდერლანდებიდან და სხვა ქვეყნებიდან ხდება.

რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წელს საქართველოდან ექსპორტზე 17 მილიონ 496 ათასი დოლარის ღირებულების ავეჯი გავიდა, საიდანაც თითქმის ნახევარი 8.8 მილიონი დოლარი რეექსპორტია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტის მაჩვენებელი 152%-ით არის გაზრდილი.

საქართველოდან ავეჯი ძირითადად სომხეთსა და აზერბაიჯანში იყიდება, საექსპორტო ქვეყნების TOP-5-ეული კი ასეთია:

  1. სომხეთი - $9.1 მლნ;
  2. აზერბაიჯანი - $6 მლნ;
  3. პოლონეთი - $825 ათასი;
  4. აშშ - $263 ათასი;
  5. რუსეთი - $247 ათასი;

საქართველოდან ავეჯი მცირე მოცულობებით ასევე იტალიაში, კანადაში, ბელარუსში და სხვა ქვეყნებშიც იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები