მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში სტრუქტურული უმუშევრობაა - ლევან დავითაშვილი

უმუშევრობის დონე

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სტრუქტურული უმუშევრობაა.

როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მოთხოვნა არის, მაგრამ ასევე "არსებობს კვალიფიციების შეუსაბამობა".

„უმუშევრობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამის მიზეზიც ვიცით, ჩვენ მნიშვნელოვანი სტრუქტურული უმუშევრობა გვაქვს. ერთის მხრივ არის მოთხოვნა და ამას კერძო სექტორი ადასტურებს, მეორეს მხრივ კვალიფიციების შეუსაბამობაა. აქედან გამომდინარე ის მნიშვნელოვანი ინიციატივები რომლებიც როგორიცაა: პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა, განათლების უფრო ფუნდამენტური რეფორმები და სხვა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს სტრუქტურული უმუშევრობა დავძლიოთ“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, რომელიც გასული წლის მეოთხე კვარტალს ასახავს უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.3 პროცენტი შეადგინა, რაც 2019 წლიდან მოყოლებული კვარტალურად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სავარაუდოა, რომ იგივე ტენდენცია იქნება წლიურ ჭრილშიც და 2023 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე 16-16.5%-ის ფარგლებში დაფიქსირდება, რაც ასევე 2010 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„2023 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 74.3 ათასი კაცით (8.4%) და 958.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 6.6 ათასით შემცირდა (1.6%) და 413.8 ათასით განისაზღვრა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 0.4%-ით, 248.6-მდე შემცირდა.

2023 წლის მე-4 კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.3 პროცენტს აღწევს, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 1.8 პროცენტული პუნქტით და 46 პროცენტია.

ქალაქის ტიპის დასახლებებში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 47.5 პროცენტს და 43.9 პროცენტს შეადგენს.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში. 2023 წლის მე-4 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 13.5 პროცენტს და 16.8 პროცენტს შეადგენს. ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები