მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყანაში ზოგიერთი საგნის მასწავლებლების სიჭარბეა, ზოგის კი - დეფიციტია - განათლების რეფორმის კონცეფცია

მასწავლებელი

გარკვეული დისციპლინების მიმართულებით, ქვეყანაში მასწავლებლების საკადრო სიჭარბე შეიმჩნევა, მაშინ, როდესაც ზოგიერთ დისციპლინაზე ხშირად კვალიფიციური კადრების დეფიციტია. ასევე დიდი გამოწვევაა მაღალმთიანი და შორეული ბარის სოფლის სკოლებში დასაქმების მიზნით მასწავლებელთა კადრების მოზიდვა.

ამის შესახებ „ოცნების“ მთავრობის მიერ დამტკიცებულ განათლების რეფორმის კონცეფციაში წერია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს ექნება ზუსტი პროგნოზი, თუ რომელ რეგიონს, რომელ საგანში და რა რაოდენობის მასწავლებელი დასჭირდება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში. ეს პროგნოზი დაეფუძნება დემოგრაფიისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

"კვალიფიციური პედაგოგიური კადრების სისტემაში მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით, შეიქმნება სისტემური, პროგნოზირებადი და რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას. პედაგოგიური მიმართულების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება აკადემიურ სივრცეში. სისტემური მოდელი გულისხმობს როგორც ახალი კადრების მომზადებას და პროფესიაში შემოსვლის გზების დივერსიფიცირებას, ასევე რეგიონული და საგნობრივი დისბალანსების დაძლევას. სახელმწიფოს ექნება ზუსტი პროგნოზი, თუ რომელ რეგიონს, რომელ საგანში და რა რაოდენობის მასწავლებელი დასჭირდება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში. ეს პროგნოზი დაეფუძნება დემოგრაფიისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

მასწავლებელს ექნება კარიერული წინსვლის მკაფიო ხედვა, რომელიც დაეფუძნება საგნობრივ ექსპერტიზას, კვლევით საქმიანობასა და მართვის/ადმინისტრირების მხარდაჭერას. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშემწყობი მექანიზმები შემუშავდება მასწავლებლის, სკოლისა და განათლების სისტემის საჭიროებიდან გამომდინარე და მასწავლებლებს ექნებათ სისტემური მხარდაჭერა ონლაინ საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფის მიმართულებით; ასევე, პრაქტიკული საქმიანობისგან მოუწყვეტლად, ონლაინ ფორმატში შეძლებენ პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის საჭირო მხარდამჭერი სერვისების მიღებას. მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება იქნება მზარდი", - ნათქვამია მთავრობის მიერ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციაში, თუმცა არ არის დაკონკრეტებული რას გაითვალისწინებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების მოდელი.

მეორე მხრივ კონცეფციის თანახმად, გაიზრდება მანდატურების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობა და ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სერვისით.

„უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველსაყოფად, ბულინგის პრევენციის მიზნით, რეგულარულად განხორციელდება საინფორმაციო კამპანიები მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად, აგრეთვე მასწავლებლებს მეტი ინტენსივობით ჩაუტარდებათ შესაბამისი გადამზადება ბულინგის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და კონკრეტულ სიტუაციებში სათანადო რეაგირებისთვის“, - წერია კონცეფციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები