ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარი მოადგილე, იური კიმი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ამ ფონზე, არ არის გონივრული ოკუპანტ ქვეყანასთან მეგობრობის მცდელობა.
ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, იური კიმმა რუსეთთან და ჩინეთთან საქართველოს მზარდ ურთიერთობაზე ისაუბრა.
„რუსეთი შეიჭრა რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში ყოველგვარი საფუძვლიანი მიზეზის გარეშე, გარდა ისტორიის დამახინჯებული გადახედვის სურვილისა და რწმენისა, რომ ახლო საზღვარგარეთს კრემლი უნდა მართავდეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ნამდვილად გონივრულია მცდელობა იმეგობრო ქვეყანასთან, რომელსაც შენი სუვერენული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს“,- განაცხადა იური კიმმა Carnegie Endowment-ის ღონისძიებაზე, რომელიც სამხრეთ კავკასიის ახალ რეგიონულ წესრიგში აშშ-ს როლს შეხებოდა.
ამასთან, მან ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობის პოტენციურ რისკებზე ისაუბრა.
„გაითვალისწინეთ, რომ უამრავი ცნობა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტექნოლოგიას, სესხებს, ვალის ხაფანგებს, ინფრასტრუქტურის პროექტებში მონაწილეობას, რათა დამოკიდებულება შექმნას, რასაც საბოლოოდ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სარგებელი არ მოაქვს და ფაქტობრივად, მათ ზიანს აყენებს. ჰკითხეთ მონტენეგროელ ხალხს, როგორი იყო ვალის ხაფანგში მოხვედრა, ჰკითხეთ შრი-ლანკას. ეს ჩამონათვალი ვრცელია“,- აღნიშნა მან.
იური კიმი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, როდესაც ამბობს, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს ან ელჩი გადატრიალების მცდელობაშია ჩართული. მან ასევე აღნიშნა, რომ ყალბი ინფორმაციაა, როდესაც „ქართული ოცნება“ გლობალურ ომის პარტიაზე საუბრობს.