მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, სადაც ადამიანები ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ - რეიტინგი

648ef8f40ac41
გიორგი არონია
19.06.23 00:00
8848

ქვეყნების განვითარების დონე სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით ფასდება. ეკონომისტები, როგორც წესი, მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულზე მაჩვენებელს, საშუალო და მედიანურ ხელფასს და განათლების დონეს აფასებენ, მაგრამ არსებობს ისეთი კრიტერიუმებიც, როგორიცაა ბიზნესის კეთების სიმარტივე, ინტერნეტის პენეტრაცია და სასამართლოს დამოუკიდებლობა. არსებობს ისეთი მეტრიკებიც, რომლებიც ადამიანების ბედნიერებას ზომავს.

თუმცა, ხშირად, ეკონომიკური პარამეტრები კონკრეტულ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების შესახებ სრულ სურათს არ გვიხატავს, რადგან არსებობს შემთხვევები, როცა რიცხვები ერის კულტურულ და სოციალურ თვისებებს ვერ ასახავს. ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი - სიცოცხლის ხანგრძლივობაა, რომელიც, ხშირად, ეკონომისტებისა და ფინანსისტების კვლევის მიღმა რჩება, არადა მას გავლენა აქვს, როგორც მთლიან შიდა პროდუქტზე, ასევე ერის ზოგად ბედნიერებაზე.

სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი, თავის წილ, ერის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კეთილდღეობის ერთგვარ ინდექსად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ის ასახავს, როგორც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვან სერვისებზე, მათ შორის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას. ამასთან, სიცოცხლის მაღალი ხანგრძლივობა, ცხადია, დამოკიდებულია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კლიმატზე და დიეტაზე, რომელსაც მოქალაქეები მისდევენ.

სამყაროს ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, მსოფლიოს მასშტაბით სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის ყოველწლიურად იზრდება. თუ 1913 წელს, ადამიანი საშუალოდ 34 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, 2022 წელს, ეს მაჩვენებელი 72 წლამდე გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ზოგადი ტრენდისგან განსხვავებული აღმოჩნდა 2020 და 2021 წლები, როცა პანდემიის გამო, მსოფლიოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 71 წლამდე შემცირდა. ამასთან, კვლავ შედარებით დაბალია ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში, რაც მათ შედარებით უფრო საფრთხისშემცველ საქმიანობაში ჩართულობასთან არის დაკავშირებული.

სამყაროს ტექნოლოგიურ განვითარებასთან და ბიუჯეტური მედიცინის ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ ადამიანის ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა, წლების გასვლასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში.

მსოფლიო ბანკის 2021 წლის მონაცემებით, ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებლით მსოფლიოს განვითარებული სახელმწიფოები ლიდერობენ, რაც გასაკვირი არ არის, რადგან სიცოცხლის ხანგრძლივობა პირდაპირ უკავშირდება განათლებისა და მედიცინის განვითარებას. რეიტინგის ბოლო ადგილებს კი, სწორედ ის სახელმწიფოები იკავებენ, რომლებშიც ეს ორი და ბევრი სხვა პარლამენტი საერთოდ განუვითარებელია.

იმ ქვეყნების რეიტინგი, სადაც ადამიანები საშუალოდ ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ, შემდეგნაირად გამოიყურება:

ჰონგ-კონგი - 85 წელი;
მაკაო - 85 წელი;

იაპონია - 84 წელი;
ლიხტენშტაინი - 84 წელი;
შვეიცარია - 84 წელი;
სამხრეთ კორეა - 84 წელი;

ფარერის კუნძულები - 83 წელი;
სინგაპური - 83 წელი;
ავსტრალია - 83 წელი;
ესპანეთი - 83 წელი;
ნორვეგია - 83 წელი;
შვედეთი - 83 წელი;
ისლანდია - 83 წელი;
მალტა - 83 წელი;
იტალია - 83 წელი;
ლუქსემბურგი - 83 წელი;
კანადა - 83 წელი;
ისრაელი - 83 წელი;

საფრანგეთი - 82 წელი;
ახალი ზელანდია - 82 წელი;
კაიმანის კუნძულები - 82 წელი;
ირლანდია - 82 წელი;
ფინეთი - 82 წელი;
ბელგია - 82 წელი;

ნიდერლანდები - 81 წელი;
დანია - 81 წელი;
ავსტრია - 81 წელი;
ჩენელის კუნძულები - 81 წელი;
კვიპროსი - 81 წელი;
პორტუგალია - 81 წელი;
გერმანია - 81 წელი;
სლოვენია - 81 წელი;
გაერთიანებული სამეფო - 81 წელი;
მენის კუნძული - 81 წელი.

იმ ქვეყნების რეიტინგი, სადაც ადამიანები საშუალოდ ყველაზე ნაკლებს ცოცხლობენ, შემდეგნაირად გამოიყურება:

ჩადი - 53 წელი;
ნიგერია - 53 წელი;
ლესოთო - 53 წელი;

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - 54 წელი;

სამხრეთ სუდანი - 55 წელი;
სომალი - 55 წელი;

ესვატინი - 57 წელი;

კოტ-დ’ივუარი - 59 წელი;
გვინეა - 59 წელი;
მალი - 59 წელი;
კონგო - 59 წელი;
ზიმბაბვე - 59 წელი;
ნამიბია - 59 წელი;
ბურკინა-ფასო - 59 წელი;
მოზამბიკი - 59 წელი;

სიცოცხლის ხანგრძლივობის ყველაზე მაღალი და დაბალი მაჩვენებლით მსოფლიოს სახელმწიფოების მიმოხილვის შემდეგ, შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ რა ადგილს იკავებს საქართველო ამ რეიტინგში და როგორ განსხვავდება სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში რეგიონის სხვა ქვეყნებისგან.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 72 წელს შეადგენს, რაც ამავე წყაროს მიხედვით, გლობალურ საშუალოს ერთი წლით აღემატება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ამდენივე წლის განმავლობაში ცხოვრობენ ტაჯიკეთში, ბულგარეთში, პერუსა და ბანგლადეშში. ამ მაჩვენებლით, საქართველო ისეთ სახელმწიფოებს აღემატება, როგორიცაა პარაგვაი, მექსიკა, მოლდოვა და სამხრეთ აფრიკა.

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მიხედვით ჩვენი რეგიონის ქვეყნების რეიტინგი, შემდეგნაირად გამოიყურება:

თურქეთი - 76 წელი;
საქართველო - 72 წელი;
სომხეთი - 72 წელი;
აზერბაიჯანი - 69 წელი;
რუსეთი - 69 წელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები