„საგადასახადო კანონმდებლობა, განსაკუთრებით კი ნორმები, რომლებიც საგადასახადო შეღავათებს აწესებენ და რითაც პოტენციური ინვესტორის საქართველოთი დაინტერესებაა შესაძლებელი, მაქსიმალურად ცხადი უნდა იყოს“, - ამის შესახებ გელა ბარშოვმა, კომპანია „თიფი სოლუშენის“ დამფუძნებელმა BMGTV-ს გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.
გელა ბარშოვი ფიქრობს, რომ მაქსიმალურად მკაფიო საგადასახადო კოდექსი და ნორმები საქართველოში ინვესტორების მოსაზიდად მნიშვნელოვანია, რაც თავის მხრივ, ქვეყნის განვითარებისთვის არის საჭირო.
საგადასახადო კონსულტანტი იმასაც აღნიშნავს, რომ კოდექსის გაუმჯობესებაზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს და ამ მიმართულებით პროგრესი არსებობს.
„ძალიან რთულია მთლიან საგადასახადო კანონმდებლობაში სრული სიცხადის მიღწევა, განსაკუთრებით ახლო პერსპექტივაში, თუმცა სრული სიცხადე და საგადასახადო დარწმუნებულობა უნდა არსებობდეს, მინიმუმ, ისეთ საკანონმდებლო ჩანაწერებთან მიმართებით, რომლებმაც შესაძლოა, უცხოელი ინვესტორები საქართველოთი დააინტერესონ (მაგალითად, „ვირტუალური ზონის პირი“, „საერთაშორისო კომპანია“, „თავისუფალი ინდუსტრიალი ზონა“, „სპეციალური სავაჭრო კომპანია“, „მცირე ბიზნესის“ სტატუსი, უცხოური წყაროდან მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება და ა.შ.).
სხვადასხვა ქეისი, როდესაც უცხოელის მიერ დაფუძნებული საგადასახადო სუბიექტი პრობლემებს აწყდება კანონის ინტერპრეტირებადობის გამო, სხვა პოტენციურ ინვესტორებსა და კომპანიებზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს. ნეგატიური ინფორმაცია კი, ბიზნესწრეებში ძალიან სწრაფად ვრცელდება.
საქართველო არ არის ისეთი ტიპის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, სხვა რამე ისეთი მნიშვნელოვანი შესთავაზოს ინვესტორ კომპანიას, რომ ამან მაღალი საგადასახადო ტვირთი ან გაურკვევლობა დააკომპენსიროს. ამდენად, თუკი ინტერპრეტირებად საკანონმდებლო ნორმებს სრულ სიცხადეს შევძენთ და საგადასახადო დარწმუნებულობის შეგრძნებას გავაჩენთ, ბევრად საინტერესო „საინვესტიციო დანიშნულების ადგილი“ გავხდებით.
მაგალითად, გერმანიაში მაღალია საგადასახადო წნეხი, თუმცა იქ არის უსაფრთხოების და სტაბილურობის ისეთი დონე, რომელიც დიდი კომპანიებისთვის საგადასახადო ტვირთს აკომპენსირებს. რაც შეეხება საქართველოს, ჩემი დაკვირვებით, ჩვენით, ძირითადად, პატარა და საშუალო ზომის კომპანიები ინტერესდებიან, რომელთაც სხვადასხვა საგადასახადო რეჟიმს ვთავაზობთ - საერთაშორისო კომპანიების სტატუსი, ვირტუალური ზონის პირები, თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და ა.შ. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ საგადასახადო რეჟიმებთან ერთად, ვერ ვთავაზობთ სრული უსაფრთხოების/საგადასახადო დარწმუნებულობის განცდას.
ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი საგადასახადო კოდექსი უნდა იყოს უფრო ცხადი. უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოს, მინიმუმ, იმ კონკრეტული ნორმების გაუმჯობესებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელი ინვესტორებისთვის“, - განაცხადა გელა ბარშოვმა და პრაქტიკული საქმიანობიდან მაგალითებიც მოიყვანა.
„მქონდა შემთხვევები, როდესაც ვირტუალური ზონის პირებს დაერიცხათ დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები და ჯარიმა/საურავები იმიტომ, რომ საგადასახადო ნორმა მკაფიოდ არ იკითხებოდა.
დიახ, შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ მსგავსი ნორმები გაუმჯობესდეს და ამ მხრივ, პროგრესი ნამდვილად შესამჩნევია. არაერთი მსგავსი დავა მომიგია ფინანსთა სამინისტროს სისტემაშივე, მაგრამ იმ კონკრეტულმა ინვესტორებმა, რომელთაც დავა 2 წლის შემდეგ, მაგრამ მაინც მოიგეს ჩემი დახმარებით და საბოლოოდ, საგადასახადო ვალებულებებისგან და ჯარიმა/საურავებისგან სრულიად ან უმეტესწილად გათავისუფლდნენ, ქვეყანა მაინც დატოვეს, რადგან თავად დავის პროცესი, რომელიც კანონის ინტერპრეტაციას უკავშირდებოდა (და არა, მაგალითად, მათ რაიმე განზრახ ქმედებას),იმდენად ნეგატიური მოვლენაა მათთვის, რომ საგადასახადო დავის შედეგის მიუხედავად, რთულია ნეგატიური შთაბეჭდილების დაკომპენსირება, ამიტომ საქმიანობა სხვა ქვეყნებში გააგრძელეს და საქართველო რომ დატოვეს, სხვა უამრავი კომპანია გაიყოლეს.
ამდენად, მიმაჩნია, რომ ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, ვისაც რეალურად აინტერესებს საქართველო, რადგან ყველა ქვეყანა ერთმანეთთან კონკურენციაშია და ცდილობენ, ერთმანეთს „მოსტაცონ“ ინვესტორები, ამიტომ საგადასახადო შეღავათები სხვა ქვეყნებთან მიმართებით ჩვენს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობად უნდა ვაქციოთ, რომლებიც უსაფრთხოების განცდის გარეშე, მიმზიდველობას კარგავენ“, - განაცხადა გელა ბარშოვმა.
რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში? – „საზოგადოების გახლეჩილობას, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში“ - პასუხობს საგადასახადო კონსულტანტი.