"ახალი მტერი წინასაარჩევნოდ. „რუსული კანონი“ სისხლიანი ბანერების მოდიფიცირებული ვერსიაა და როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კონსულტანტების სტრატეგია არ იცვლება - დაძაბე და შეაშინე“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი. იურისტი ვერ პოულობს სხვა ლოგიკას, რატომ ცდილობს ხელისუფლება მეორედ, საზოგადოების შარშანდელი მასობრივი პროტესტის შემდეგ „რუსული კანონის“ მიღებას.
იურისტ ლევან ალაფიშვილს არ სჯერა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „რუსული კანონის“ მიზანი არასამთავრობო სექტორის მიერ მიღებული გრანტების წყაროების და ხარჯვის გამჭვირვალობაა.
„ოდნავ პროფესიულ კითხვებს თუ დავსვამთ, ვნახავთ, რა სახიფათო თამაშს შესჭიდებია მმართველი ძალა“, - თქვა მან გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას და „ქართული ოცნების“ ლიდერების ის განცხადებები გაიხსენა, რომლითაც ისინი ცდილობენ, კანონის მიღების საჭიროება დაასაბუთონ.
„პირველი - საქართველოში არის უკონტროლი, „შავი ფული“; მეორე - ამ „შავი ფულით“ ქვეყნის აყირავების მცდელობები იყოო... ამ ორი განცხადებით მათ სახელმწიფოს ინსტიტუციებს და მათ მუშაობას ხაზი გადაუსვეს. რას ვგულისხმობ? - რა გზებით შეიძლება, დემოკრატიულ, თანამედროვე სახელმწიფოში ფული შემოვიდეს? პირველი - ლეგალური ანუ საბანკო სისტემა და მეორე არალეგალური - ჩემოდნებით და ა.შ. ორივე გზის სადარაჯოზე დგას სახელმწიფო.
რა სიტუაცია გვაქვს დღეს?
საბანკო და ფინანსური სისტემა ჩუმადაა და მსგავსი პრობლემის შესახებ მათგან არაფერი გვსმენია. არაფერი უთქვამს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს - აი, იმ სამსახურს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე რომ უცებ გაიხსენეს....
არაფერი უთქვამს ეროვნულ ბანკს, თორემ ხომ დარწმუნებული ხართ, რომ ეთქვა, ხელი გვეშლება ფინანსური ტრანზაქციების კონტროლშიო, პარლამენტში დაინიცირდებოდა შესაბამის კანონებში ცვლილებების შეტანა.
არაფერი უთქვამს არც შემოსავლების სამსახურს - მაგალითად, ვიღაც <არასამთავრობოები> გადასახადებს არ იხდიან და ვერ ვაკონტროლებთო...
არაფერი უთქვამს შსს-ს და სასაზღვრო პოლიციას...
ამდენად, თუ არცერთი ჩემ მიერ ჩამოთვლილი უწყება არ საუბრობს და არც დაფიქსირებულა პრობლემა, რას აკეთებს პარლამენტი?! ან თუ მმართველმა პარტიამ დაინახა ეს პრობლემა, რა გამოდის - არცერთი შესაბამისი უწყება არ მუშაობს გამართულად?! თუ ასეა, დავქცეულვართ, რადგან საქართველო გამოდის ოფშორი შავი ფულისთვის, ფულის გათეთრებისთვის, ნარკოკარტელებისთვის და ა.შ. შავი ფულის ბრუნვის ლოგიკა ამას ნიშნავს და თუ ამხელა მასშტაბის პრობლემაა, ეს კანონი აგვარებს?!“, - აცხადებს იურისტი.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა თითქმის 11 საათის განმავლობაში, ხმაურის და პროტესტის ფონზე ჩატარდა. „რუსულ კანონს“ პირველი მოსმენით, პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად