მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკის ამჟავების საკმაოდ დიდ რისკს ვხედავ“ - ნიკოლოზ შურღაია

ბანკირი

ყოფილი ბანკირის და მენეჯერ ნიკოლოზ შურღაიას შეფასებით, დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკა არასდროს ყოფილა ისეთ კარგ მდგომარეობაში, როგორც დღეს არის, მაგრამ მისი აზრით, „რუსული კანონის“ მიღებამ, შესაძლოა, სხვადასხვა რისკის რეალიზებას შეუწყოს ხელი, რაც ქვეყანას დააზიანებს. „ეს ყველაფერი მყიფეა და ძალიან დიდწილად დაფუძნებულია ევროკავშირთან ურთიერთობებზე - კანდიდატის სტატუსზე, უვიზო რეჟიმზე, რაც ქართველი ერის დიდი შრომის შედეგია“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც სამი მთავარი რისკი გამოყო, რომელსაც საქართველოში ხედავს. ნიკოლოზ შურღაია საქართველოში "რუსული კანონის" მიღების წინააღმდეგია.

- ეს <რუსული> კანონი პირდაპირ ჯერ არ მეხება, მაგრამ ირიბად ყველას შეგვეხება და სწორედ ამაზე მსურს ვისაუბრო. ახლო მომავალში, სერიოზული ეკონომიკური კრიზისის განვითარების და ეკონომიკის ამჟავების საკმაოდ დიდ პოტენციალს ვხედავ.

- რატომ? - დღეს მაკროეკონომიკური ფაქტორები ჯანსაღია...

- მაკროეკონომიკური რისკი: ბოლო წლებში საგარეო ფაქტორებმა და პრობლემებმა საქართველოს სასარგებლოდ იმოქმედა. ახლა ეს <რუსული> კანონი თუ მივიღეთ, მისი ეფექტი ძალიან ადვილად გადაეცემა საპარლამენტო არჩევნებს - ანუ თუ არჩევნები გამჭვირვალედ ვერ ჩავატარეთ, ბევრი რამე კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს ევროკავშირთან მიმართებით, რასაც მოჰყვება ინვესტიციების შემცირება, კაპიტალის გადინება; ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ლარის კურსზე და მაშინვე სხვანაირად იგრძნობენ თავს ბიზნესები - ყველას ვალი გაეზრდება, რადგან ბევრს სესხი დოლარში აქვს. მართვის რისკი: ჩემი დაკვირვებით, ყველა რგოლში არა, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუციები მთლიანობაში სუსტდება და ვხედავ ბევრად უფრო დაბალ უნარს, რომ კრიზისები და სირთულეები ვმართოთ, ვიდრე შეგვეძლო. მაგალითად, ეროვნული ბანკი - არ მინდა, პიროვნებებს შევეხო, მაგრამ ასეთი სუსტი ეროვნული ბანკის საბჭო მე არ მახსოვს.

- და თან არასრულია - 9-წევრიან საბჭოში მხოლოდ 5 წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეგიტიმაციის ზღვარზე მუშაობენ...

- მხოლოდ საბჭოს სრულად შევსებაზე არაა საუბარი. გამოცდილება, განათლება, კომპეტენცია - ჯამურად უნარი, რომ დამოუკიდებლად მიიღონ ძნელი გადაწყვეტილებები. იმისთვის არიან, რომ იფიქრონ და დადგნენ იქ, სადაც სინდისი და გონება კარნახობთ და მიჭირს, არ მაქვს ამის ნდობა. „ბუშტების“ რისკი, რომელიც ჩემი აზრით, მწიფდება. მე ძალიან შიშით ვუყურებ უძრავი ქონების სექტორს. ჯერ ერთი, ძალიან არ მომწონს როგორ ჩააბეტონეს ჩვენი დედაქალაქი. მშენებლობა ვის არ უხარია, მაგრამ მწვანე სივრცე სულ უფრო ცოტა გვრჩება და ბევრი უშნო შენობაა; ტურისტულ პოტენციალს ვკარგავთ... ამით ფულს შოულობენ კონკრეტული დეველოპერები - ახლა ააშენებენ, ძვირად გაყიდიან, მაგრამ ყველა დანარჩენი ვზიანდებით... საკითხის სხვა მხარეზე მინდა ყურადღება გავამხვილო უძრავი ქონების ბაზარე მიწოდება ძალიან იზრდება; რადგან გუშინ და გუშინწინ ვიღაცამ ამ სფეროში ფული იშოვა, გაჩნდა ძალიან ბევრი „მეც ვიშოვი“; ისინი არ არიან მშენებლობის მცდონეები, არ აქვთ გამოცდილება, მაგრამ მაღალი მარჟების იმედზე არიან. არ მინდა, ცუდი პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ მახსოვს ფასების ასეთი მაღალი ზრდა იყო 2008 წელს, შემდეგ იყო კრიზისი... ახლა თუ ჩვენი ეკონომიკა შეტორტმანდა, შეიძლება, ძალიან ცუდი გაგრძელება მოჰყვეს და მშენებლობის სექტორში გამოწვევები აუცილებლად სხვა სექტორებს გადაეცემა. ამდენად, მაკროეკონომიკური, მართვის და ე.წ. „სამშენებლო ბუშტის“ რისკები თუ ერთად რეალიზდა, ძალიან ცუდ კრიზისს მივიღებთ; ევროპასთან დაშორებით ამ რისკებს უფრო ვზრდით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები