მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყნის ბედსა და ისტორიულ შანსზე ხუმრობა არ შეიძლება" - თამაზ დაუშვილი

თამაზ დაუშვილი

კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორის თამაზ დაუშვილის აზრით, „ქვეყანაში რთული სიტუაციაა, მაგრამ იმედია, გამოსავალი მოიძებნება“.

ამის შესახებ ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური ვითარების და ეკონომიკაზე მისი შესაძლო გავლენის კომენტირებისას განაცხადა.

„სიტუაცია, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ სურვილი იყო, ეს არჩევნები პოლარიზაციის დასრულების და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის შანსი გამხდარიყო. ახლა საქართველო ევროპასთან ძალიან ახლოს არის და ამის ხელიდან გაშვება იქნება ისტორიული შეცდომა, თუ დანაშაული - არა. ქვეყნის ბედსა და ისტორიულ შანსზე ხუმრობა არ შეიძლება“, - განაცხადა თამაზ დაუშვილმა და იქვე დასძინა, რომ გამოსავლის გზების ძიება ყველა მხარის პასუხისმგებლობაა, მაგრამ უპირველესად - ხელისუფლების.

„ვხედავთ რა რეაქციებია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და აუცილებელია, ამას თვალი გავუსწოროთ. პირველ რიგში, ეს ეხება ხელისუფლებას, რადგან ვსაუბრობთ ქვეყნის ისტორიულ შანსზე; ქვეყანა კი, ეკუთვნის ხალხს და მასზე ზრუნვა უმთავრესია“, - დასძინა ბიზნესმენმა.

თამაზ დაუშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ იჩქაროს ევროკავშირთან დაახლოება, რასაც ცხრა დათქმით გაწერილი რეფორმების შესრულება მოგვიტანს.

„ევროკავშირში ინტეგრაცია ნიშნავს იმას, რომ საქართველო გახდება ევროპული ქვეყანა, სადაც ადამიანების უფლება იქნება დაცული; სადაც მოქალაქეებს ექნებათ მეტი თავისუფლება და კეთილდღეობა; სადაც შეიქმნება მეტი ახალი ბიზნესი და განვითარდება რეგიონები... Fitch-ის მიმოხილვაშიც ვკითხულობდი, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი არის მშენებლობა ორ დიდ ქალაქში, რაც ჩემი აზრით, არ არის სწორი და ჩვენ ამაზე უნდა ვსაუბროდეთ - როგორ შეიძლება მივიტანოთ კეთილდღეობა რეგიონებში და არ გადავაქციოთ ორი დიდი ქალაქი ბეტონის ჯუნგლებად; ქვეყნის მშენებლობის სექტორზე ჩამოკიდება არაა ეკონომიკა. ეკონომიკა ეს არის რეგიონებში წარმოების განვითარება, ტექნოლოგიების დანერგვა და სამუშაო ადგილების მიტანა იქ, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და არა მათი იძულება, წავიდნენ დიდ ქალაქებში ან უცხოეთში“, - ამბობს თამაზ დაუშვილი.

ბიზნესმენის აზრით, თუ საქართველო არ დაბრუნდა ევროპულ გზაზე, ქვეყანაში რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნება.

„თუ ევროპას დავშორდით, ინვესტორები არ შემოვიდნენ დასავლეთიდან, მათთვის საქართველო არ იქნა საინტერესო და ჩვენ ეკონომიკური აღმასვლა ჩამოეკიდა ისეთი ქვეყნების კაპიტალზე, როგორიცაა ჩინეთი ან რუსეთი, რომელიც ვხედავთ როგორ აქტიურად არის შემოჭრილი ჩვენს ეკონომიკაში, ეს მოგვიტანს უფრო მეტ არაკანონიერ კომუნიკაციას ბიზნესსა და მთავრობას შორის. არ მინდა, შავ ფერებში წარმოვადგინო სიტუაცია, მაგრამ არ იქნება კარგი მდგომარეობა. შეიძლება, ნებისმიერ მომენტში ვიგრძნოთ, რომ ევროპამ შეაჩერა საქართველოში აქტიური ინვესტირება, რაც აისახება ჩვენს საფინანსო სექტორზე - შეიძლება, ევროპელმა ინვესტორებმა დაიწყონ ჩვენი ბანკების აქციების გაყიდვა, ამიტომ არის საჭირო, ყველაფერი გაკეთდეს, რათა არ დავშორდეთ ევროპას. დავუბრუნდეთ მთავარ ამოცანას - როგორ შევასრულოთ ცხრა დათქმა“, - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები